მამუკა არეშიძე: ვერ გავიზიარებ ნათქვამს, რომ ხელისუფლებას კონტროლი გაექცა, რადგან, ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, კრიმინალის კატასტროფული მატება არ ყოფილა
“რასაკვირველია, ყველაფერზე კარგზეც და ცუდზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება, მაგრამ ვერ გავიზიარებ ნათქვამს, რომ კონტროლი გაექცათ, რადგან, ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, კრიმინალის კატასტროფული მატება არ ყოფილა”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მამუკა არეშიძე რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკში” მოხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანის ნაფიქრალ-ნამოქმედარი არ ჩანდა და თავდამსხმელს თანამზრახველი ჰყავდა.
“როგორც წესი, ასეთ მძიმე დანაშაულზე თანამზრახველის გარეშე არ მიდიან. არ არის აუცილებელი ეს თანამზრახველი მძარცველს გვერდით ჰყავდეს. შესაძლოა, ეს იყოს შენობაში როგორც მძევალი, ან შენობის გარეთაც. თუ ვინმე მარტო გეგმავს ასეთ რამეს, ის, ძირითადად, ფიასკოთი ამთავრებს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანის ნაფიქრალ-ნამოქმედარი არ ჩანდა.
ამასთანავე, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა მუდმივად ეჭვიანობისკენ გვიბიძგებს, ისმის კითხვები – მაგალითად, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ზუგდიდში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს? რატომ მოხდა წინასაარჩევნოდ? და ა.შ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს მართავენ, რაშიც პოლარიზებული მედიასივრცე უწყობთ ხელს. ხშირად ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისე უპასუხისმგებლოდ იქცევა ( და ეს ამ დანაშაულებრივ პროცესშიც გამოჩნდა), აღარ მიკვირს, საზოგადოება სულ შეთქმულების თეორიებზე რომ ფიქრობს. ახლაც საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ კრიმინალური ამბების უკანაც პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი დგას, სხვა ფიქრობს, რომ ამის უკან მეორე ჯგუფი დგას და ასეა გაუთავებლად… სხვათა შორის, ეს განწყობა სოციალურ ქსელში განსაკუთებით გამოჩნდა.
რადგან საზოგადოება პოლიტიზებულია და, ძირითადად, ისევ ორ ბანაკად არის გაყოფილი – ხელისუფლებისა და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებად, ამიტომაც ერთმანეთს აბრალებენ, საკუთარ მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ აქეზებენ, თან საკუთარი სისუსტეების სკანდალებით გადაფარვას ცდილობენ. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა ოპოზიციაში სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს არ გაჰყვებოდა”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მამუკა არეშიძემ, ასევე, ისაუბრა ბოლო პერიოდში კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან ნამდვილადაა განსხვავება, მაგრამ სწორედ დანაშაულის იმ სახეობების ხარჯზე, რომელთაც იმ პერიოდში საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება.
,,რასაკვირველია, ყველაფერზე კარგზეც და ცუდზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება, მაგრამ ვერ გავიზიარებ ნათქვამს, რომ კონტროლი გაექცათ, რადგან ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, კრიმინალის კატასტროფული მატება არ ყოფილა და თუ იყო, ისეთ სფეროებში, სადაც კრიმინალური შემთხვევები მანამდე არ აღირიცხებოდა. ბანკში შეჭრისა და მძევლების აყვანის შემთხვევებს ვერ ვიხსენებ, თუმცა ბანკების დაყაჩაღება, მკვლელობა, ბანდიტიზმი ამაზე არანაკლები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც. ამას ვამბობ 2019 წლის ჩათვლით, თუმცა 2020 წელს, განსაკუთრებით – კარანტინის დასრულებიდან მოყოლებული, ვითარება გაუარესებულია. ვფიქრობ, რომ ეს შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური ფონის ბრალია, რასაც განსაკუთრებით ართულებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.