ამირან სალუქვაძე: ატყუებთ მოსახლეობას, როცა ამტკიცებთ, რომ მძევალთა გამოსასყიდს ტერორისტებს არ უხდიან

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, უნდა გადაეხადათ თუ არა თავდამსხმელისთვის გამოსასყიდი თანხა.

 

“რამდენიმე განმარტება ზუგდიდის ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, რისი თქმაც ინტერვიუებში ვერ მოვახერხე

1. ვინც ავრცელებთ, თითქოს დამნაშავემ 4 მლნ დოლარი წაიღო, არ იცით რამდენია მოცულობაში, წონაში?!

1 მლნ დოლარი არის ერთი დიდი დიპლომატი (იხილეთ ფოტოზე). მისი წონა შეადგენს 10კგ-ს. შესაბამისად, 4 მლნ დოლარის წონა არის 40კგ. როგორ ფიქრობთ, 40კგ მოიკიდა ზურგზე და დაათრევს ტყე-ტყე იარაღთან ერთად?

2. შეკითხვა, უნდა გადაეხადათ თუ არა გამოსასყიდი თანხა, კარგი იქნება დაუსვათ გადარჩენილი მძევლების ოჯახებს.

ზოგიერთ მძევალთან ჯერ ადრეა ამ კითხვის დასმა, სტოკჰოლმის სინდრომით არიან შეპყრობილები, როგორც სოცქსელში ვრცელდება. მათთან ფსიქოლოგებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა.

ამიტომ მათ ახლობლებს შეეკითხეთ, უნდა ჩაეტარებინათ თუ არა შტურმი? კითხვის დასმის წინ შეახსენეთ “ნორდ ოსტი”, ბესლანი და ა.შ. მაშინ ხომ გახსოვთ როგორ აკრიტიკებდა ყველა პუტინს? ჩვენთან რომ მსხვერპლი მოჰყოლოდა?

3. ცნობისთვის, ბევრ ქვეყანაში მიღებულია დაუწერელი წესი, ზოგან კანონიც მიიღეს, რომ გამოსასყიდს არ უხდიან ტერორისტს და არა მძარცველს, ყაჩაღს. თქვენ ერთი მხრივ ამბობთ ტერორისტი არ იყოო, მეორე მხრივ არ უნდა გადაეხადათო.

ჩამოყალიბდით კარგად. თუ არ უნდა გადაეხადათ, მაშინ მოითხოვეთ, რათა მიეცეს ტერაქტის კვალიფილაცია. თუ ასეთ კვალიფიკაციას არ აძლევთ, მაშინ რაზე საუბრობთ?!

ისე, რომ იცოდეთ, ორი მიდგომა არსებობს, ორი შეფასება. პირველი, რასაც დღეს აჟღერებენ, ტერორისტს, ხაზს ვუსვამ, ტერორისტს არ უნდა გადავუხადოთ. ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კემერონმა არ გადაიხადა და “ალ ქაედამ” ბრიტანელი მძევალი დახვრიტა. შემდეგ ბევრი მსჯელობა იყო უნდა გადაეხადათ თუ არა. აქედან მეორე მიდგომა: “ვინც არ იხდის გამოსასყიდს, მძევალის მკვლელობის თანამონაწილე ხდება”. ზოგს პირველი მოსწონს, ზოგს მეორე.

აი ეს დილემაა, თორემ ის ანა-ბანა, რასაც თქვენ ამტკიცებთ, ვიცით. ვიცით რომ ტერორისტები გამოსასყიდით ახალ ტერაქტებს სჩადიან. ვიცით, რომ ტერორისტული ორგანიზაციების შემოსავლები გამოსასყიდის სახით, მილიარდებს შეადგენს. ჰოდა, ამდენს შემოსავალს რომ პოულობენ, ე.ი. უხდიან, ხომ?

უხდიან, მაგრამ იმ ქვეყნებში პოლიტიკოსებს ჰყოფნით თავშეკავება ხმამაღლა არ ისაუბრონ, რადგან ეს კითხვები გადარჩენილ ადამიანებს, მათ ახლობლებსაც ესმით. მარტივია. თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ..

ეს არ გულისხმობს, რომ თუ ამ ფაქტის გამო მთავრობის, ან ძალოვანი უწყებების კრიტიკა გსურთ, არ უნდა აკრიტიკოთ. უბრალოდ, ამ კრიტიკას დრო აქვს. როცა მძევლების თავზე ჩეკგამომძვრალი ხელყუმბარაა, მთავრობის და მძევლების მხარეს უნდა იყოთ და არა ბოროტმოქმედის. როცა დასრულდება ოპერაცია, შემდეგ მწვანე შუქი აქვს ყველას, აქონ თუ აკრიტიკონ.

ამ ელემენტარულს მერამდენედ გიხსნით?! ხან პანდემიის მხარეს ხართ, ხან ყარაბაღის ომში გვითრევთ, ხან ტერორისტს უწყობთ ხელს…

თუმცა, მაინც მიკვირს, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით ამტკიცებთ, რომ ამ ბოროტმოქმედს პოლიტიკური მიზანი არ ჰქონდა? იქნებ მისი მიზანი არა გამდიდრება, არამედ ამ ფაქტის მიღწევა იყო, რომ ერთი მხრივ ხმაურიანი დანაშაული ჩაედინა წინასააეჩევნოდ, მეორე, ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინა თანხის გადახდის ფაქტით. იქნებ მცირე თანხა, 500 ათასი, როგორც ჭორი გავრცელდა, 300-ზე დაითანხმეს, ზუსტად ამ მიზნით შეაეჩიეს? არ მიგაჩნიათ 300 ან 500 ათასის სანაცვლოდ ასეთ რისკზე წასვლა საეჭვოდ? 100%-ით შეიძლება ამ ვერსიის გამორიცხვა? არ შეიძლება, ისევე როგორც მხოლოდ ყაჩაღობის ვერსია.

თუმცა, დაველოდოთ დევნის ოპერაციის დასრულებას.

4. გადახდის ფაქტები. ატყუებთ მოსახლეობას, როცა ამტკიცებთ, რომ მძევალთა გამოსასყიდს ტერორისტებს არ უხდიან.

– ყველაზე დიდი გამოსასყიდი 2016 წელს ამერიკამ ირანს გადაუხადა – 400 მლნ დოლარი. თანხის გადახდა აღიარებულია. ობამას ადმინისტრაცია კი ამტკიცებდა, რომ ეს თანხა ირანის გაყინულ ანგარიშზე არსებული 1,7 მილიარდი დოლარიდან გადაიხადეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

– 2014 წელს სირიაში დატყვევებული 4 ჟურნალისტის ნიკოლა ენენის, დიდიე ფრანსუას, ედუარა ელიას და პიერ ტორესის გადასარჩენად, საფრანგეთის მთავრობამ 18 მლნ დოლარი გადაიხადა.

– 2015 წელს ორი იტალიელის ვანესა მარძულოს და გრეტა რამელის გამოსასყიდად 15 მლნ დოლარი იქნა გადახდილი.

– 2009 წელს ორი შვეიცარიელის გაბრიელა და ვერნერ გრაინერების და გერმანელი მასწავლებლის მარიან პეტცოლდის გამოსასყიდ თანხას და გადახდის ფაქტს, გერმანიის ხელისუფლება არ აღიარებს, თუმცა დამოიკიდებელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თანხა გადახდილი იქნა. რაც შეეხება შვეიცარიელებს, მათი ხელისუფლების მხრიდან თანხის გადარიცხვის ფაქტი დადასტურებულია.

– ორი იტალიელის სიმონა პარის და სიმონა ტორეტის გამოსასყიდად იტალიამ 1 მლნ გადაიხადა.

– 2011 წელს ისრაელის მთავრობამ ერთი ებრაელი ჯარისკაცის გილატ შალიტის გათავისუფლების სანაცვლოდ 1000 პალესტინელი გაათავისუფლა.

– 2008 წელს ფრანგული კომპანია “არევას” 4 თანამშრომლის გამოსასყიდად, საფრანგეთის მთავრობამ 20-25 მლნ ევრო გადაიხადა, ამტკიცებს გამოცემა “ლა მონდე”.

სია ვრცელია. რამდენი გამოსასყიდი აქვს მიღებული სომალელ მეკობრეებს, ინფორმაცია ინტერნეტით მოიპოვება. “ალ ქაედას” გამოსასყიდის სახით მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მიღებული.

ასე რომ, სანამ რაიმეს დაამტკიცებთ, ინტერნეტს გადახედეთ. ამიტომ განვაცხადე მერაბ მეტრეველის “რეზიუმეში”, რომ გადახდის ფაქტები უხვად მოიპოვება.

როგორც ზუგდიდის, ისე ზემოთ აღწერილ შემთხვევებში, ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლე დააყენა ფულზე და საკუთარ პრესტიჟზე მაღლა.

სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური მოთხოვნების შემთხვევაში, მოთხოვნებს შეუსრულებდნენ, მაგრამ 300 ან 500 ათასის გამო ღირდა თუ არა გაჯიუტება და ადამიანების სიცოხლის საფრთხის ქვეშ დაყენება, გემოვნების და გულრწფელობის ამბავია.

გულრწფელობის იმიტომ, რომ ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყო, ზუსტად იგივე ადამიანები საპირისპირო განცხადებებს, კიდევ უფრო მეტი ემოციურობით გააკეთებდნენ, რომ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე არაფრად უღირს, 500 ათასი დაინანაო. იმ დღეს მაესტროზე დარეკა მსმენელმა, გადაიხადოს ივანიშვილმა, ფული არ აქვს თუ რაც მეტი დაიხოცება, ისნურჩევნიაო?! ჭრელო პეპელაა…

5. მედიის მუშაობა, ისევე როგორც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სოეცოპერაციის დროს, ერთი სიტყვით ფასდება – კატასტროფა!

სხვათაშორის, ხალხმა სალოსის ოპერაციიდან გაკვეთილები გამოიტანა და ე.წ. ლაივები არ ჩაურთავთ.

ნუთუ ახსნა სჭირდება, რომ როცა მოლაპარაკებები მიდის, ან შესაძლოა შტურმი დაიწყოს, არ უნდა აჩვენოთ მიმდებარე ტერიტორია?!

მარტივია ესეც, შტურმის დროს მათ პირდაპირ საფრთხეს უქმნით. მოლაპარაკებების დროს, შეიძლება უთხრან გაყვანილია სნაიპერები ან ტექნიკაო, თქვენ კი პირდაპირში აჩვენებთ.

ასევე უნდა დაიცვათ სტანდარტი და 15-20 წუთიანი დაგვიანებით აჩვენოთ. ხალხისთვის ვწერ, თორემ თქვენ, ვისაც გეხებათ, ჩემზე უკეთ იცით.

დევნის ოპერაციის დროსაც დასახლებული პუნქტების ჩვენება, ნორმალურად მიგაჩნიათ? “ოქროს მოწმის” ძებნა, საფრთხეს არ უქმნის მას? მისი ძმის ჩაწერა იგივე მოწმის გაშიფრვა არაა?

დასავლეთში არსებობს მსგავსი დანაშაულების და დამნაშავეების გაშუქების სტანდარტები. ის რომ რომანტიზება მოხდა, მგონი ჩანს სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ. რანდენად დაცული იქნა მიღებული სტანდარტები, უცხოელ კოლეგებთან და უსაფრთხოების ექსპერტებთან გაიარეთ კონსულტაციები.

6. მძევლად აყვანის სტატისტიკა გავიხსენოთ: 2007 წელს – 25 შემთხვევა, 2008 წელს – 7, 2009 წელს – 27, 2010 წელს – 5 და ა.შ. ასეთი შემთხვევები იყო შემდეგ წლებშიც. მაგალითად შაეშან, პირმა თანხის გამოძალვის მიზნით მძევლად ეფლის მაღაზიის გამყიდველი აიყვანა. 2018 წელს მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე 5 პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული. მსგავსი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ამჟამინდელი, წინა და მანამდელი ხელისუფლების პირობებში, უხვად მოიძებნება. მომხდარა სხვა ქვეყნებში და კიდევ მოხდება. რაც ზუგდიდში მოხდა, უმძიმესი ფაქტია. ამას მტკიცება არ სჭირდება, აქსიომაა. ცუდი ისაა, რომ პირველი წუთებიდან ისევ პოლიტიკური კინკლაობის თემად იქცა და მთელი მედია ზუსტად პოლიტიკური მიზნების მომსახურებაზე გადავიდა.

7. კრიმინალის სტატისტიკა ბევრჯერ გამომიქვეყნებია ბოლო წლებში. რადგანაც ზუგდიდის ამ მძიმე შემთხვევას ისევ მოჰყვა პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ძირითადი სათქმელი ისევ აქვთ “კრიმინალის ზრდა”, გირჩევ გუგლის საძიებო ფანჯარში ჩაწეროთ “რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა” და მოძებნოთ წლების მიხედვით.

მოძიებულ სტატისტიკაში ყურადღება მიაქციეთ მძიმე დანაშაულებს. როცა წლიურ საერთო მაჩვენებლებს გაყოფთ 365-ზე, მიიღებთ, რომ:
– ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს ხდებოდა განზრახ მკვლელობა;
– ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ხდებოდა გაუპატიურება;
– ყოველ დღე ხდებოდა, 2-3 ყაჩაღობა, 3-4 ძარცვა, 30-ზე მეტი ქურდობა.

თუ სახელმწიფოს მიერ განხორციწლებულ ძალადობებზე ვისაუბრებთ, ბევრი პოლიტიკოსი პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს. თუმცა ჰყოფნით უტიფრობა დემაგოგია გვასმენინონ, რაც, რა თქმა უნდა მოქმედი ხელისუფლების ბრალია, რადგან ყველაფერს თავისი სახელი ისე ვერ დაარქვა, რათა განვთავისუფლებულიყავით ამ ყველაფრისგან და პოლიტიკა სუფთა ადამიანებს გაეგრძელებინა.

8. დამნაშავისთვის ჩიპების ჩადება, ფულის დანომრვა და სხვა. ყველა სპეციალისტია. ბევრი იდეა იწერება. ალბათ ბევრი რამ შეიძლებოდა. არ მაქვს ინფორმაციები რა გაკეთდა, როგორ მიმდინარეობს ძებნა, რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ და ა.შ. იმედია მოხერხდება დაკავება. ფულის დანომრვის აზრის რა გითხრათ? მგონი დამნაშავეს კარგად ესმის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ის ფულს არ დახარჯავს. აფრიკაში ან რუსეთში სულ არ ადარდებთ, რა დავნომრეთ. ამიტომ, მთავარია პირის დაკავება მოხერხდეს.

9. პერფომანსი. კითხვაც დამისვეს ერთ-ერთ ტელევიზიაში, ამ პერფომანსს როგორ შეაფასებთო? სამწუხაროდ ყურსასმენში ცუდად მესმოდა და შემდეგ ჩანაწერში ვნახე. ალბათ, ვიღაცისთვის, რაც მოხდა სპექტაკლი და სანახაობა იყო.

სოციალურ ქსელშიც განიხილავდნენ,.მეც მკითხეს მართლა ხელისუფლებამ ხომ არ დადგაო? ეს კითხვა როგორ უნდა დაიბადოს? ლოგიკა რაშია? ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ამხელა უარყოფითი ფაქტი თავის თავს მოუწყო? აზრი?

შემთხვევა ზუსტად მაშინ მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული მილიარდიანი პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია იყო. პრემიერ გახარიას ბრიფინგი ჩაიშალა. რაში აწყობდათ ამ ღონისძიების კრიმინალით გადაფარვა და ბრიფინგის ჩაშლა? რა ლოგიკაა?

დასასრულს დავსძენ, რომ ჯერ კიდევ დიდი დრო გვჭირდება ნორმალური საზოგადოების, პოლიტიკური სისტემის და სტანდაეტების ჩამოყალიბებამდე. ჭარბობს ზიზღი, სიძულვილი, ქილიკი, ადამიანების დევნა, ცილისწამება, ყველაფრისტობა და ა.შ.

მედიით პირის გამოცხადება ბოროტმოქმედად, მტკიცებულებების გარეშე, ძალიან “მაღალი” სტანდარტია”,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები