გიორგი ვოლსკი: არის მცდელობა, რომ შეარყიონ ამ ქვეყნის სტაბილურობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ზუგდიდში გუშინ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაინტერესებულია, ქვეყანაში არეულობა და უთანხმოება შეიქმნას და გარკვეულწილად ადგილი ჰქონდეს დესტაბილიზაციას.
„გუშინდელი ვითარება არის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი. გადახედეთ ზოგადად სიტუაციას, თვეებია, უკვე ამას ვამბობ. ფაქტია, უნისონში კეთდებოდა კომენტარებიც, რომ სახელმწიფოს დანაშაულია ის რაც ხდება. იქ ვიღაც ბერძენიშვილი გამოხტა, ვიღაც ადამიანები ამბობენ, რომ სახელმწიფო ვერ შედგა თურმე, რომ ადამიანმა ასეთი რამე შეძლო და როგორ გაბედა პოლიციამ და დაამთავრა ოპერაციის პირველი ფაზა მსხვერპლის გარეშე. უნისონში არის სურვილი დესტაბილიზაციისა საოკუპაციო ძალის მიერ და დესტაბილიზაცია, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ ამ ბანკის გარეშეც, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ეს არის უნისონში. ოპერაციის პირველი ნაწილი დამთავრდა და ველოდებით მეორე ნაწილის დამთავრებას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2″-ის ეთერში.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია, გამომდინარე მათ მიერ განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, ყველაფერზე წამსვლელია, ზუგდიდის თემასაც ინტენსიურად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისათვის და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.
„ვამბობ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფერი გამიკვირდება, არც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება რომ იყოს ამათი დაგეგმილი, რაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება და ბოდიშს მოვიხდი, თუ ეს ასე არ იქნება. სააკაშვილი პირდაპირ აძლევდა ინსტრუქციას, თქვენი ეთერით იყო გაშვებული, როგორ ეუბნებოდა „რუსთავი 2″-თან როგორ უნდა მოხდეს სისხლისღვრა, ბარიკადები და ათასი განცხადებაა. გუშინდელი განცხადება აიღეთ კიდევ, რომ არეულობა უნდა მოხდეს ქვეყანაში და რევოლუციური გზით უნდა განვითარდეს. აქედან გამომდინარე არც ის გამიკვირდება, რომ ზუგდიდის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისათვის ინტენსიურად იყენებენ და როგორც „სვავები” ელოდებიან იქნებ სადმე სისხლი დაიღვაროს, რომ როგორმე ამ სისხლისღვრით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. დავით გარეჯის თემის გადაფარვაც მიდის, სურვილია ყოველ შემთხვევაში. იმდენად დიდია რეზონანსი სკანდალური თემებიდან გამომდინარე, რომ რასაკვირველია, მცდელობა არჩევნების დღესაც, არჩევნების შემდეგაც იქნება სწორედ ის, რომ შეარყიონ სტაბილურობა ამ ქვეყნის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.