ნათია მეზვრიშვილი: ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას

სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თვითიზოლაციაში, დღეს, რეალურად, 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, ასეთი შემთხვევის შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე იმყოფებიან თივითიზოლაციაში, ბინაზე, კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პირებთან, 11 033 აქტიური პაციენტი დღეს რომელიც არის და 21 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, რეალურად ეს ადამიანები ამ ხალხთან კონტაქტზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, თხოვნა გვაქვს მაქსიმალური, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ამ ინფორმაციების გავრცელება ამ ფორმით, ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ თუ აპოკალიფსი იქნება, ჩვენ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამისი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ყვებიან ამ ტრიბუნიდან, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმის, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, რაც stopcov.ge-ზე დევს, რაზეც ეპიდემიოლოგები გესაუბრებიან და რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივიღოთ და მეორე – ერთობლივად ყველამ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვირუსის გავრცელებას ერთიანად ვებრძოლოთ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები