2010-2011 წლებში გრემის ტაძარზე განხორციელებული არასრულფასოვანი რესტავრაციის გამო სახელმწიფო განმეორებითი კონსერვაციისთვის საბიუჯეტო თანხას გამოყოფს

გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე 2010-2011 წლებში განხორციელებული არასრულფასოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს აწარმოებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც გუმბათისა და სამრეკლოს კონუსის არქიტექტურულ ფრაგმენტებზეა გამოვლენილი, ტაძრის ინტერიერი წყლის ინფილტრაციის სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა.

ამჟამად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, კავშირი „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ცენტრის“ სარესტავრაციო ჯგუფმა გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე დროებითი ხარაჩოს მოწყობა ასრულებს, რომლის მეშვეობით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არქიტექტურული ფრაგმენტები დროებითი გადახურვით დაიხურება.

“მიმდინარე კვირის 23 ოქტომბერს გრემის სამონასტრო კომპლექსს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრი სპეციალისტები მოინახულებენ, რომლებიც ტაძრისა და სამრეკლოს გუმბათებზე გამოვლენილი დაზიანებების გადაუდებელ საკონსერვაციო მეთოდოლოგიას განსაზღვრავენ და საბჭოს განსახილველად წარუდგენენ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე კი დაჩქარებულ ვადებში დაიხვეწება სარესტავრაციო პროექტი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნულ სააგენტოს 150 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს. საკონსერვაციო პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება არსებული კრამიტიც, რომელიც ტრადიციული წესით – თიხის დაწნეხვის, დაფერვისა და მოჭიქვის მეთოდით უკვე დამზადებულია და შრობის პროცესშია.

გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევებისა და წყლის ინფილტრაციის რისკის გამორიცხვის შემდეგ, ეროვნული სააგენტოს დაკვეთითვე, მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის კვლევით-მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს, რომლის საფუძველზე ეროვნული კატეგორიის ძეგლის კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2021 წლიდან წარიმართება”, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათისა და სამრეკლოს მოჭიქული კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2010 -2011 წლებში სათანადო კვლევებისა და საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, სააგენტოს იმჟამინდელი ხელმძღვანელის პირადი ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები