ბექა ლილუაშვილი: მთავარი მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და, შედეგად, შევამციროთ სიღარიბე

„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე „ქართული ოცნების” მთავარი მოკლევადიანი ამოცანაა სწრაფი ტემპით ეკონომიკური აღდგენა, გრძელვადიან პერიოდში – მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარი ამოცანა და მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად შევამციროთ სიღარიბე,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიზანი ეს არის იმ ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რაც საჭიროა 2024 წელს „ქართული ოცნების” გუნდის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური განზრახულობის ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის.

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვახდინეთ სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება, 400 ათასზე მეტმა ადამიანმა დაძლია უკიდურესი სიღარიბე, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, სიღარიბე კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. სწორედ ამისთვის, „ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის მიერ სამუშაო ადგილების შექმნას და ერთის მხრივ ამ ადამიანების დასაქმებით დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და მის მიერ მოტანილი ეკონომიკური დოვლათი ეფექტიანი სოციალურო დაცვის სისტემის საშუალებით გადავუნაწილოთ მათ” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება განაცხადის ნაწილს, ბექა ლილუაშვილის თქმით, ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკური განზრახულობა, ეს არის მკაფიო გააზრება იმ ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი განაცხადი გავაკეთოთ.

„ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკის გარდაქმნა შესაძლებლობების ეკონომიკად, სადაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად მივაღწევთ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონსა და ევროპაში, დაბალ, ერთნიშნა ნიშნულზეა სიღარიბის მაჩვენებელი, დაცულია ბიზნესი, დაცულია კონკურენტული გარემო, უზრუნველყოფილია სრულფასოვნად სოციალურად მოწყვლადი ყველა ჩვენი მოქალაქე, შექმნილია სამუშაო ადგილები და 40%-ით არის გაზრდილი ჩვენი ეკონომიკა, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა 4 წლის თავზე” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობის პირობებში, როდესაც არსებობს პანდემია, რეგიონში არსებობს გარკვეული დაძაბულობები, ეს არის მნიშვნელოვნად ამბიციური მიზნები, თუმცა ყველ რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველა წინაპირობა შევქმენით შედეგის მისაღებად და ეს უკვე ჩვენი გუნდის აღიარებული შედეგია, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მიღწევების გამტკიცება, რაც თითოეული ადამიანისთვის ნიშნავს სტაბილურ დასაქმებას, სტაბილურად მზარდ ხელფასს, ეს ნიშნავს აუცილებლად დასაქმების და შემოსავლების ზრდას, ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და რაც იქნება მომდევნო წლებში არა მარტო საქართველოს არამედ გლობალური გამოწვევაც, ასევე, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში შევქმნათ მმართველობის მაღალი ხარისხი, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას. იქნება ეს გზები, წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვის თუ ჯანდაცვის პოლიტიკა” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ რეგიონის ან საქართველოს, არამედ გლობალური გამოწვევა, თუმცა სწორედ ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს გამოწვევა შესაძლებლობად.

„ამ კონტექსტში ჩვენი მთავარი ამოცანები იქნება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი ფისკალური დისციპლინა, რაც ნიშნავს რომ ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად 3 %-იან ნიშნულზე შევინარჩუნოთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ნაკლები ვალის აღებას, მდგრადი ხარჯვის პოლიტიკას, ოპტიმიზირებულ მიმდინარე ხარჯებს და მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებას, ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი არის უფრო მეტი ეკონომიკური სარგებლის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ და პრიორიტეტად გავხადოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ნიშნავს მეწარმეობის განვითარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კარგი გამოცდილება. ამ თვალსაზრისით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება 5%-ზე დაბლა, რასაც ჩვენ მივაღწევთ მათ შორის ახალი მეწარმეობის განვითარების პროგრამებით, რომელიც მთავარი ორიენტირი იქნება ექსპორტის მარკეტინგული და ტექნიკური ხელშეწყობა, ასევე ჩვენ განვახორციელებთ ტურიზმის ახალ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანაზე და ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე, რომლის მთავარი მიზანი იქნება გაახლებულად გააზრებული მიდგომები ინვესტორებთან მუშობის და მათი მოზიდვის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრეზენტაციაზე ბექა ლილუაშვილმა საქართველოს, როგორც რეფორმატორის სტატუსზე ისაუბრა.

“ჩვენ ამ თვალსაზრისით აღიარებული ვართ როგორც რეგიონის, ფართო რეგიონის და გლობალურად ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმატორი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ეს კურსი, განვავითაროთ ქვეყნის იმიჯი როგორც რეფორმატორი ქვეყნის და განვახორციელოთ ისეთი რეფორმები რომელიც ორიენტირებულია სტაბილურობის განვითარებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ისეთი როგორიც არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო სისტემის და ადმინისტრირების რეფორმა მათ შორის კონკურენციის გაძლიერებაზე დაფუძნებული დაბეგვრის სისტემა. ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ და გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა, როგორც გრძელვადიანი დანაზოგების ერთ-ერთი უალტერნატივო წყარო ქვეყანაში, რომელიც საბოლოო ჯამში ითარგმნება ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებით და ეკონომიკის სტიმულირებით. ” – განაცხადა მან.

ბექა ლილუაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი კერძო სექტორი.

„ძლიერი კერძო სექტორი ეს არის ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი, რომ მან მიაღწიოს მის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ მიზანს. ეს არის დასაქმების უზრუნველყოფა. შესაბამისად სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა ის ვინც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად, რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ ბიზნეს გარემო, საინვესტიციო გარემო და ეს უკვე ჩვენი მიღწეული შედეგია, თუმცა, დღეს არსებული ახალი გამოწვევების პირობებში ბიზნესს აქვს მეტად ეფექტიანი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს საჭიროება, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და შექმნას სამუშაო ადგილები. ამ თვალსაზრისით ჩვენი ამოცანები მომდევნო წლის განმავლობაში იქნება პირველი – სუვენერული საკრედიტო რეიტინგის მიღება. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს გაუუმჯობესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შესაბამისად ჩვენ ვართ უფრო მეტად ამბიციურები და ჩვენი მიზანია, მივიღოთ საინვესტიციო შეფასება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილ საინვესტიციო გარემოს. გარდა ამისა ჩვენ, გავაუმჯობესებთ საგადასახადო გარემოს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ გადასახადების დაბალ დონეს, განვახორციელებთ საგადასახადო დავების სრულიად ახალ რეფორმას ამ თვალსაზრისით ჩვენ დავნერგავთ ავტომატური დეკლარირების სისტემას და დღგ-ს დაბრუნების ავტომატურ სისტემას სრულფასოვნად ავამოქმედებთ. შედეგად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკაში დარჩება დაახლოებით ორ მილიარდ ლარზე მეტი რესურსი, რომლის ინვესტირების შემთხვევაშიც შეიქმნება დაახლოებით 40 ათასი სამუშაო ადგილი” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები