“გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ “112-ზე”
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – “112” ქვეყანაში კორონავირუსის გამო, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“112” აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.
კორონავირუსის პანდემიამდე ცენტრში 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.
როგორც მოგეხსენებათ, “112”-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში შეუძლია, დარეკოს “112”-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, “112”-ში 24 საათის განმავლობაში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება, ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.
ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დატვირთვა. “112” განაგრძობს 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი სტანდარტის მომსახურება მიიღოს როგორც გადაუდებელი შემთხვევის დროს, ასევე, ვირუსთან დაკავშირებით.
მოქალაქეებს კი გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ “112”-ზე.
დარეკეთ მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან.
112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსის მართვის პროცესში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსა და დაშვებებზე დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს – 144.- აღნიშნულია განცხადებაში.