ნიკოლოზ მჟავანაძე – დავით გარეჯზე: ​ყველა უნდა დაიკითხოს უმკაცრესად და ჩატარდეს ზეკომპეტენტური გამოძიება

“საქართველოს თუ ამდენი მოღალატე ჰყავდა, ცოცხალი თავით ვერ წარმოვიდგენდი”, – ამის შესახებ “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში დავით გარეჯის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი კი არა, ყველა ის პირი, ვინც კი 2003-2012 წლებში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში უმაღლეს პოსტებს იკავებდა, ციხეში უნდა ჩასხდნენ.

“საქართველოს თუ ამდენი მოღალატე ჰყავდა, ცოცხალი თავით ვერ წარმოვიდგენდი. ფაქტია, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და განსაკუთრებით ტელევიზიები, ნაყიდი აქვთ ჩვენი ქვეყნის მტრებს. სააკაშვილი, რომელმაც ხალხს წაგებული ომი აზეიმა, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ იმ 150 ქართულ სოფელზე აცხადებდა – რაღაც ქვების გროვა დავკარგეთო. ხოლო დავით გარეჯთან მიმართებით იგივე მოღალატეები გაიძახოდნენ და გაიძახიან – დავით გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნისო. ათასჯერ მითქვამს და ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს – სააკაშვილსა და მის ხროვას დავით გარეჯი აზერბაიჯანის მიწად მიაჩნდათ. საკმარისია, გავიხსენოთ თუნდაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ნინო კალანდაძის გამოსვლა და კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას განცხადება. როგორც ლიპარიტ ბაღვაშმა გაუმწარა სიცოცხლე დავით აღმაშენებელს, რაც საბოლოოდ მისი გაძევებით დამთავრდა, სწორედ ისეა სამშობლოს სტაჟიანი მოღალატეების – სააკაშვილისა და მისი ხროვის საქმე, რომელთა გამოსწორებაც არ იქნება. დიახ, სიმსივნე თუ არ მოიკვეთე, მეტასტაზები მთელს სხეულს მოედება.

სააკაშვილი იყო მანიაკი და უდანაშაულო ადამიანების მისამართით პარლამენტში ბღაოდა – “ყველა ციხეში”, მე ასე ვიტყვი – მხოლოდ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი კი არა,  ციხეში ასევე უნდა ჩასხდნენ: სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ნინო ბურჯანაძის ქმარი – ბადრი ბიწაძე, ნინო კალანდაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და ყველა ის პირი, ვინც კი 2003-2012 წლებში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში უმაღლეს პოსტებს იკავებდა.

ყველა უნდა დაიკითხოს უმკაცრესად და ჩატარდეს ზეკომპეტენტური გამოძიება. ჯერ ერთი, რა უნდოდა ქართული ენის არმცოდნე ნატალია ილიჩოვას საზღვრის დამდგენ კომისიაში ექსპერტ-კარტოგრაფად? აქედანაც ჩანს, თუ როგორი სერიოზულობით უდგებოდნენ ესენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეს. ახლა სააკაშვილსა და მის ხროვას – ამ მოღალატეებს, არჩეული აქვთ ასეთი ტაქტიკა – აქებენ და ადიდებენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აქაოდა, ესენი გმირები არიან, რომლებსაც რეჟიმი სრულიად უდანაშაულოდ ტანჯავსო. ამით უნდათ, მელაშვილი და ილიჩოვა დაანამუსონ – ხელი ჩვენკენ არ გამოიშვიროთ, ჩვენი სახელი და გვარი არსად ახსენოთო”, – აცხადებს მჟავანაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები