რას ყიდის და ყიდულობს საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე – მთავარი სავაჭრო პარტნიორი ისევ თურქეთია

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).

საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტი ნპროდუქცია საქართველოს სწორედ თურქეთიდან შემოაქვს (981.6 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე მეტ პროდუქციას საქართველო ჩინეთში ყიდის (355.3 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს მთავარი საიმპორტო პარტნიორების სამეული ასე გამოიყურება:

თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი)
რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი)
ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი)

რაც შეეხება საექსპორტო პარტნიორებს სურათი ასეთია:

ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი)
რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 541.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ.აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი).

რაც შეეხება იმპორტს. საქსტატის მონაცემებით, აქ პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომელთა იმპორტმა 560.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

რაც შეეხება საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვას. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 403.5 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს (12.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი – 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები