არჩილ თალაკვაძე: მაქვს პატივი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტს – ირაკლი ხახუბიას

„ჩვენ გვაქვს ხედვა განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ფოთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ” ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადება და სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები განახორციელა.მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია და ყველანაირი პირობა არის შექმნილი ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისთვის.

„ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა იმისთვის, რათა არსებობს ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, რომსაზოგადოებას მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდპარლამენტის დასაკომპლექტებლად, არამედ ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერებისთვის, არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ქვეყანაში დიამეტრალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის მოქალაქე და ადამიანი, ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვაში, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასათვის, უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა ქვეყანაში, ენერგეტიკის სექტორი, სადაც 20-ზე მეტი ახალი ელექტროსადგური არის აშენებული და არაერთი პროექტი არის განხორციელების პროცესში, განათლების რეფორმა, სადაც ახალ თაობას უფრო კონკურენტული, ხარისხიანი განათლება მიეწოდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სიმბოლო იმ რეფორმების და სულისკვეთების, რაც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებოდით ბიზნესს, რაც მთავარია, ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება დაცული. დღეს გვაქვს უფრო თანამედროვე თავდაცვის სისტემა და საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, ახლოა ევროკავშირთან, ნატოსთან და აქვს მტკიცე თანამშრომლობა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ბევრი საქმე გაკეთდა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებიც გააცნო და ამ კონტექსტში, ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა.

„ჩვენ გვაქვს ხედვა, განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, ვზრდით დაფინანსებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველა მიმართულება, სახელმწიფოს ფუნქციონირების, მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმების მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდაჭერა დაუდასტურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას და მას წარმატებები უსურვა.

„ დღეს მაქვს პატივი, რომ საქართველოს პარლამენტიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო მართლაც კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი მხარის, თავისი ქვეყნის პატრიოტ ადამიანს, ირაკლი ხახუბიას. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ არ ყოფილა არცერთი სესია, არცერთი საკომიტეტო კვირა, როდესაც იგი არ მოსულა და ფოთის საკითხები, ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხები არ მოეტანოს გადასაჭრელად, არ დაეყენებინა ეს მთავრობასთან, არ დაეყენებინა ეს კომიტეტის სხდომებზე. ამიტომ მე დღეს, ამ ოთხი წლის თანამშრომლობის შემდეგ, კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ის იქნება მომავალ პარლამენტში ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი საზოგადოების. მას აქვს ძალიან საქმიანი და კარგი ურთიერთობები მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პირადად, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა, ამიტომ, ვინ, თუ არა სწორედ ირაკლი ხახუბია შეძლებს თქვენი საკითხების ყველაზე დროულად მიტანას და ყველაზე ეფექტურად გადაჭრას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინაიდან ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებდით და დღეს მომავლის გეგმებით, ოპტიმიზმით ვერ მოვიდოდით თქვენთან, რომ არა თქვენი ძლიერი მხარდაჭერა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები