თამარ გაბუნია: გუშინ ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
„მედიცინაში რთულია 100-პროცენტიანი რისკების გადაზღვევა, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია, ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით, სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, პაციენტების სამკურნალოდ ქართულ ბაზარზე დამზადებული მედიკამენტები გამოიყენება.
„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ჩვენ ვიყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც ზოგადად ქართულ ბაზარზეა და ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია ისაუბრო, როგორია რეალურად მედიკამენტის ხარისხი რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში. ამ მედიკამენტებს ვიყენებთ ყველა სხვა პაციენტთან, მკურნალობის შედეგები რეალურად სახეზეა და ინფექცია წარმატებით იმართება“, – განაცხადა გაბუნიამ.