ვასილ ჩიგოგიძე: ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი, გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული
ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი, გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული, – ამის შესახებ ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებით, „ქართულ ოცნებასთან” ერთად გურიისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლა გაგრძელდება.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, რადგან ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში ნდობა გამომიცხადა.
მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს ჩემი კუთხისა და სოფლის განსაკუთრებული სიყვარული.
ჩვიდმეტი წლის წინ გავხდი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეტანა.
მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა დრო იყო, ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას.
დღეს სულ სხვა მდგომარეობაა – დავდივარ რა შეხვედრებზე, ყველგან თვალნათლივ ჩანს სახელისუფლებო და სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გავუმკლავდები იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში.
ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული.
და ბოლოს, მინდა მოვიგონო ნოდარ დუმბაძის სიტყვები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია” და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან” ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას,”- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.