ირაკლი კოვზანაძე: 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას
„2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ ნომინალურ გამოხატულებაში 54 მილიარდ 525 მლნ ლარია, ინფლაცია 3 პროცენტია.
„ბიუჯეტის დეფიციტი 5.2 %-ია, რაც არ უნდა გაიზარდოს და ვიფიქროთ მის შემცირებაზე.
ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში, ეს ციფრი როგორც სხვა დანარჩენი დიდი ალბათობით შეიცვლება, მომავალ წელს 17.07 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 2021 წლისთვის საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი. ანუ წლევანდელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტი”-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ცნობისათვის, დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომენტარებით და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კანონით, პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.