დავით ხიდაშელი: ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, იმან აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან
“ღამის კურიერის” წამყვანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰკითხა, იაზრებს თუ არა, რომ მის მიერ მოძიებული მასალები წინასაარჩევნოდ და ერევანსა და ბაქოსთან ურთიერთობის ჭრილშიც შეიძლება საკმაოდ პრობლემური იყოს.
ხიდაშელი აცხადებს, რომ მან ეს მასალები საქართველოს გადმოსცა და უკვე მთავრობის გადასაწყვეტი იქნება საკითხის გადაწყვეტა და ურთიერთობის დალაგება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
“მე მოვიტანე ეს მასალები ივლისში და აგისტოში, დავურიგე ყველა ორგანიზაციას, იგივე პრეზიდენტთან, ბატონ ღარიბაშვილთან. პირველი წინადადება მაგისი, როცა ნახეს ეს სიტუაცია, ჩვენთან არჩევნები მოდისო, მე ვუთხარი არჩევნები მოდის და ეგ თქვენ გადაწყვიტეთ, ეს ჩემი საკითხი არ არის. მე ჩამოვუტანე ეს რუკები საქართველოს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს – ვინ არ გაიმარჯვებს. ვინც უნდა გაიმარჯვოს, პრინციპულად არ მინდა არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ არ გამხვიონ შარში, ამას უჭერ მხარს, იმას უჭერს. სულ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, სულ გზაში ვარ და არცერთ არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა.
ვინც უნდა გაიმარჯვოს, ვინც იქნება მთავრობის წარმომადგენელი, იმან უნდა აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანსა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, – განაცხადა ხიდაშელმა.