პოლიტიკური პარტიის – “ჩვენ თვითონ” თავმჯდომარე, პაატა დავითაია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის წერილის შინაარსს აფასებს, რომელშიც ის დავით გარეჯის ისტორიულ კომპლექსს აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიად მოიხსენიებს.
“სამწუხაროდ, არ გავცნობივარ ნოღაიდელის წერილს გარეჯთან დაკავშირებით, თუმცა, ვიცი, რომ მან გარეჯის სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია. ძალზე სამწუხაროა, რომ საქართველოში არცერთ პრეზიდენტს ქვეყნის საზღვრები არ დაუზუსტებია, რადგან როგორც შევარდნაძე, ისე სააკაშვილი თვლიდნენ, რომ ეს ძალიან საშარო საქმე იყო და უნდოდათ პრეზიდენტობის ვადა ისე დაესრულებინათ, სკანდალში არ გახვეულიყვნენ.
ამით სარგებლობდნენ ჩვენი მეზობლები და ცდილობდნენ, საქართველოს ტერიტორიის რაც შეიძლება მეტი ნაწილი მიეტაცებინათ. დავით გარეჯი საქართველოა და ეს უნდა ახსოვდეს ყველას – ძველ და ახალ ხელისუფალსაც. თუ ვინმე შეცდომას უშვებს, საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ კიდეც”, – აცხადებს პაატა დავითაია.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი – “არქივი”, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის წერილს ავრცელებს. როგორც წყარო წერს, წერილში, რომელიც ნოღაიდელმა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს მისწერა, დავით გარეჯის კომპლექსი მოხსენიებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლი.
“ზურაბ ნოღაიდელის წერილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს: როგორც თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე დავით გარეჯის კომპლექსის ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.
როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება ოფიციალურ წერილში აღიარებს, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეს მათ დამოკიდებულებას ნათლად გამოხატავს, რომ დავით გარეჯი აღარაა საქართველო!
რა კარტოგრაფების საქმე? რა ილიჩოვა?”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.