ხათუნა ლაგაზიძე: თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გახანგრძლივდა, ბუნებრივია, აუცილებლად მძიმედ დაარტყამს ორივეს ეკონომიკას და, შესაბამისად, აისახება საქართველოზეც
“ორი მეზობელი ქვეყნის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი საქართველოსთვის სხვადასხვა საფრთხეს შეიცავს. მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო ფუნქციისთვის საფრთხის შექმნა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გახანგრძლივდა, ბუნებრივია, აუცილებლად მძიმედ დაარტყამს ორივეს ეკონომიკას და, შესაბამისად, საქართველოზეც აისახება.
“ამ დღეებში იყო საუბრები, თეორიულად რამდენად არის შესაძლებელი, აზერბაიჯანის მხარე დაიჭიროს რუსეთმა, რომ ბაქომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია და ამის სანაცვლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ.
“ამ დღეებში იყო საუბრები, თეორიულად რამდენად არის შესაძლებელი აზერბაიჯანის მხარე დაიჭიროს რუსეთმა, რომ ბაქომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია და ამის სანაცვლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ. სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ბაზა არ არის. თუმცა, ვფიქრობ, თურქეთი აზერბაიჯანში რუსული ბაზის განთავსებას ყარაბაღის დაბრუნების ფასადაც არ დაუშვებს. შესაძლოა ეს გულისხმობს მრავალეროვნულ ფორმატსაც, როცა რუსების გარდა, იქ თურქები და კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებული სხვა მხარეებიც იქნებიან. ყარაბაღის საკითხზე “მინსკის ჯგუფში” შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთში ჩასული იყო ნატო-ს გენერალური მდივანი, რის შემდეგაც ბაქოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ასე რომ, აზერბაიჯანი რუსეთში შეთანხმებული თურქულ-აზერბაიჯანული პოზიციით ჩავიდოდა.
ორი მეზობელი ქვეყნის კონფლიქტი საქართველოსთვის სხვადასხვა საფრთხეს შეიცავს, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ფუნქციისთვის საფრთხის შექმნას, თუ აზერბაიჯანში გამავალი ნავთობ და გაზსადენები დაზიანდება. თუკი სამხრეთ კავკასიაში არეულობა დაიწყება, დასავლეთი საქართველოსა და, საზოგადოდ, რეგიონის მიმართ ინტერესს დაკარგავს. რუსეთსაც ეს უნდა, რეგიონი დიდი ხნით დარჩება მის გავლენაში, რაც არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ ჩააყენებს სახარბიელო მდგომარეობაში. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გახანგრძლივდა, ბუნებრივია, აუცილებლად მძიმედ დაარტყამს ორივეს ეკონომიკას და, შესაბამისად, აისახება საქართველოზეც. თუ კონფლიქტის მასშტაბი გაიზარდა, ეს საქართველოს ჰუმანიტარულ პრობლემებსაც შეუქმნის – თუ ჩვენი საზღვრებისკენ ლტოლვილთა ნაკადი დაიძრა.
სომხურ და აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმართ ანტიქართული განწყობა გამძაფრდა, განსაკუთრებით სომხეთში, სადაც, საქართველოს შიგნით დესტაბილიზაციისა თუ სეპარატიზმისკენ მოწოდებებიც კი გაისმა. ძალიან კარგია, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებები და დიპლომატიური სამსახურები მუდმივი ახსნა-განმარტების რეჟიმში არიან როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ დაუშვებს დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას. თუმცა, ფაქტია, ორივე ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები და რუსეთი. ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების პრევენციული ნაბიჯები და ამას აკეთებს კიდეც ორივე ქვეყნის დიპლომატებთან ერთად. იმავდროულად, აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია “გუგლისა” და “ფეისბუქის” ადმინისტრაციასთან და მათ პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილებზე, რომლებიც უწევენ მონიტორინგს ამ ქვეყნების სოციალურ ქსელებს და მათ აქვთ მექანიზმები დეზინფორმაციის დასაბლოკად.
შესაძლოა, რეგიონის სიმშვიდისა და აქ რუსეთის გავლენის დასრულებისთვის ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების სავარაუდო სცენარი ყველაზე რაციონალურად გამოიყურებოდეს: ანუ უშუალოდ ყარაბაღს მიღმა არსებული, ოკუპირებული შვიდი რაიონი დაუბრუნდეს აზერბაიჯანს, ხოლო სომხებმა აღიარონ ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთზე ზემოქმედების მთავარ ბერკეტებს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში კი ის დაკარგავს გავლენას სრულად სამხრეთ კავკასიაზე. თუმცა ეს სცენარი ჯერჯერობით ნაკლებრეალისტურად გამოიყურება, მათ შორის იმიტომაც, რომ რუსეთს არ აწყობს საკითხის ასე გადაწყვეტა, მას მოუგვარებელი კონფლიქტები ურჩევნია, რათა რეგიონში მისი საჭიროება მუდმივად იყოს”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.