რუსეთში კიდევ ერთი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა – ამჟამად, დარტყმის ქვეშ წყნარი ოკეანეა

სექტემბრის ბოლოს კამჩატკის მოსახლეობამ, სოციალური ქსელების მეშვეობით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე – ავაჩინის ყურეში წყლის ფერის ცვლილების შესახებ ცნობები გაავრცელა. კამჩატკის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ლოკაციაა, სადაც მთელი მსოფლიოდან სერფერები ჩადიან. ისინი ყვებოდნენ, რომ წყალთან კონტაქტის შემდეგ მათ თვალების გაწითლება და კანის გაღიზიანება დაეწყოთ. მალევე,  სოციალურ ქსელებში ნაპირზე ასობით გამორიყული, ზღვის ცხოველის ფოტოები გავრცელდა.  მსგავსი ფაქტები კამჩატკის კიდევ რამდენიმე ყურეშიც დაფიქსირდა. თავდაპირველად, ადგილობრივმა ოკეანოგრაფიისა და თევზის რეწვის  ინსტიტუტმა დაადგინა, რომ კამჩატკის ნაპირებთან, დაუდგენელი ნივთიერებით წყლის დაბინძურების შედეგად, ზღვის ორგანიზმების 95% განადგურდა. სოციალურ ქსელებში უკვე მრავლად ნახავთ ფოტო- და ვიდეომასალას კამჩატკიდან: ხალაქტირის პლიაჟი, რომელიც მკვდარი ზღვის ცხოველებით არის გადავსებული, მათ შორის, გიგანტური რვაფეხები, კიბორჩხალები და ზღვის ზღარბებია. ადგილობრივები შოკირებულები არიან და ამბობენ, რომ მსგავსი არასოდეს უნახავთ – „თევზებს თითქოს მდუღარე გადაასხეს“.

ცნობილმა რუსმა სერფერმა, ანტონ მოროზოვმა ასე აღწერა ის, რაც საკუთარი თვალით იხილა: „ჯერ კიდევ 3 კვირის წინ, სერფინგის შემდეგ უცნაური და უსიამოვნო სიმპტომები ვიგრძენით. ეს იყო ყელის სიმშრალე, ტკივილი და თვალებზე ბინდის გადაკვრის შეგრძნება. ოკეანის წყლის გემო იყო არა მარილიანი, არამედ – მწარე, აბსოლუტურად უჩვეულო. მალევე ის ოცი ადამიანი, რომლებიც ბანაკში ვცხოვრობდით, მოწამლულები აღმოვჩნდით. ვიფიქრეთ, რომ კუჭნაწლავის ინფექცია იყო და არანაირი პარალელი არ გაგვივლია. წყალი გამჭირვალე იყო და ამიტომ ეს მოწამვლა ოკეანესთან არ დაგვიკავშირებია. იმედი გვქონდა, რომ გაგვივლიდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ორშაბათს ქსელში ინფორმაცია გავრცელდა. მთავრობამ სპეციალისტები სინჯების ასაღებად გამოუშვა. წყალი სულ უფრო უცნაური, მღვრიე და ბლანტი ხდებოდა. სანაპიროს სხვადასხვა ბოლოდან მოდიოდა ფოტოები, ვიდეოები, სადაც ყველგან ოკეანის მკვდარი მობინადრეები იყვნენ აღბეჭდილები. პირველმა სინჯებმა აჩვენეს, რომ ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია 4-ჯერ, ხოლო ფენოლის 2-ჯერ არის მომატებული. გუშინ და დღეს უკვე ბევრმა დაიწყო აქედან წასვლა. სიმპტომები კი უკვე წყალთან კონტაქტის გარეშეც გამოვლინდა.  „გრინფისისგან“ იმ მდინარის თანამგზავრული სურათები მივიღეთ, რომელიც ოკეანეში ჩაედინება და რომელმაც, როგორც ჩანს, ყველაფერი ცოცხალი მოკლა. ქრონოლოგიურად, 1, 9, 24 სექტემბრის სურათები აჩვენებს, რომ 9 რიცხვში ოკეანეში უკვე ტონობით შხამი იღვრებოდა. გამოდის, რომ თითქმის თვე გავიდა. ამ კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით არანაირი რეაგირება არ ყოფილა. შესაძლოა, იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემთხვევებზე არიან პასუხისმგებლები, უფრო მამაცები რომ ყოფილიყვნენ და თავიანთი შეცდომები ეღიარებინათ,   დროული სამაშველო ოპერაცია რომ დაეწყოთ, მომხდარის მასშტაბი უფრო ნაკლები იქნებოდა. მაგრამ უკვე თვეა, მდინარიდან გამოედინება შხამი, რომელიც ირგვლივ ყველაფერს კლავს.“

ფოტო-ვიდეო მასალების, ასეთი შეფასებებისა და ადამიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად, გავიდა რამდენიმე კვირა, სანამ რუსეთის ადგილობრივმა თუ ფედერალურმა ხელისუფლებამ კამჩატკის თემას ყურადღება მიაქცია. რუსეთის პროსახელისუფლებო არხები, მედია პერსონები თუ ლოიალური საინფორმაციო სააგენტოები ერთხმად აცხადებდნენ, რომ არაფერი ხდებოდა და სერფერებს თუ კამჩატკელებს „მოჩვენებები“ დაეწყოთ. თუმცა, დღეს უკვე ირკვევა, რომ კოზელსკის შხამიანი ნარჩენების პოლიგონზე, რომელიც დაბინძურების ადგილის მახლობლად მდებარეობს, დამცავი ნაგებობების დაზიანებაა ნაპოვნი. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პოლიგონზე 108 ტონა პესტიციდები და შხამქიმიკატები ინახება. „გრინფისის“ რუსულ ფილიალში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც ამ მიტოვებული პოლიგონისგან მომდინარეობს.

გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო – Медуза იუწყება, რომ პოლიგონი 1979 წელს კოზელსკის ვულკანის მახლობლად აშენდა. მასში 1-ელი კლასის საფრთხის შემცველი შხამქიმიკატები და პესტიციდები ინახებოდა. ორიოდე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ, Росприроднадзор-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ხალაკტირის პლიაჟიდან აღებული სინჯებში რკინის შემცველობა დაშვებულს აღემატება 67-ჯერ, ფენოლის 2,9-ჯერ, ფოსფატ-იონის კი – 10,8-ჯერ. ამის შესახებ რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე კამჩატკა  არის რეგიონი, რომელშიც 1960 წლებიდან საბჭოთა კავშირის საჰაერო ფარი შენდებოდა. ამ რეგიონს უნდა დაეცვა ჩრდილოეთის მიმართულება ბირთვული ქობინების მქონე ბალისტიკური რაკეტებისა და ბომბდამშენებისგან. ამისათვის კამჩატკის მხარის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იყო გაშლილი. ამ რაკეტების მეორე საფეხურები თხევად საწვავზე მუშაობდა, რომელიც მაღალი ტოქსიკური კომპონენტებისგან შედგებოდა. ეს ნივთიერებები ადამიანისთვის მესამე კლასის საფრთხის შემცველია: წყლის ერთ კუბურ მეტრში რამდენიმე მილიგრამის მოხვედრაც კი სასიკვდილოა ადამიანისთვის.

„გრინფისის“ სპეციალისტები ახლა ცდილობენ, დაადგინონ, თუ რამ გაანადგურა ახლომდებარე წყლების ფლორა და ფაუნა. რუსეთში ამ ორგანიზაციის კლიმატური პროექტის ხელმძღვანელი  -ვასილი იაბლოკოვი კამჩატკაზე 3 ოქტომბერს ჩავიდა. Сибирь. Реалии-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ კოზელსკის პოლიგონის პრობლემის განხილვა 2000 წლების დასაწყისიდან ხდებოდა და  ის ავარიულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გავიდა 20 წელი და არაფერი გაკეთებულა. „ჩამოსვლის პირველ დღეს დავიწყეთ სინჯების აღება და შედეგების შეფასება. ვნახეთ ეს ლაქები-მოყვითალო წყალი, არაბუნებრივი ფერის, უსიამოვნო სუნით, ქაფით…. ავაჩინის ყურეში, ქალაქის ცენტრში და ასევე სხვა ყურეებშიც ვხედავთ, რომ ნაპირზე არაბუნებრივად ბევრი გამორიყული ორგანიზმია. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. თუკი ვისაუბრებთ ზღვის ზღარბებზე, ეს უკვე ზღარბები არ არიან, არ აქვთ ნემსები, იასამნისფრები არიან. შტორმი ვერ გამორიყავდა, ისინი ხომ ფსკერზე არიან მიმაგრებულები…. კოზელსკის შხამქიმიკატების პოლიგონი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან ავარიულ მდგომარეობაშია და უპატრონოდ არის მიტოვებული. წყლის ზედაპირზე თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ პოლიგონი ღრმაა და გადინება შესაძლოა, გრუნტის წყლიდან მომხდარიყო.“

 „გრინფისის“ წარმომადგენელი მომხდარს ,,ეკოლოგიურ კატასტროფას,, უწოდებს. მიზეზი ის არის, რომ ფსკერული ორგანიზმების ასეთი მასობრივი სიკვდილი კამჩატკის უზარმაზარი სანაპიროების მთელს ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედებს და  ეკოსისტემის სერიოზულ ცვლილებს იწვევს, რაც მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

რუსეთის ტერიტორიაზე ეკოლოგიური კატასტროფები სულ უფრო ხშირად ხდება და ისინი სულ უფრო მასშტაბურია. 2020 წლის ივნისში მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ნორილსკში მოხდა, რის შესახებაც რუსეთის ხელისუფლებამ ასევე სოციალური ქსელიდან გაიგო და, რომ არა აქტივისტებისა და ეკოლოგების განგაში, მისი მიჩუმათება მიმდინარეობდა. მაშინ პოლარულ არქტიკაში მომხდარმა  კატასტროფამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ამ რეგიონს. „ნორნიკელის“ კუთვნილი საწვავის ავზებიდან ადგილობრივ მდინარეებში 20 ათასი ტონა დიზელი ჩაიქცა. მომხდარი მას მერე გახმაურდა, რაც სოციალურ ქსელებში კატასტროფის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა. მხარის ჩინოვნიკები, სამაშველო სამსახურები და კომპანიის მესვეურები  ერთმანეთის მიმართულებით „იშვერდნენ ხელს“

ორივე შემთხვევაში – მაშინაც და ახლაც პასუხისმგებელი პირების რეაგირება  მხოლოდ მომხდარის მიჩუმათებას, შედეგების დამალვასა და  პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას გულისხმოდა. ფაქტობრივად, კვლავ მეორდება ის, რაც ჩერნობილის შემთხვევაშიც მოხდა. მართალია, საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების  მიდრეკილება –  მომხდარი დამალოს, არსად გამქრალა. როგორც ჩანს, ჩერნობილმა მათ ვერაფერი ასწავლა. თუმცა, მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინი ცდილობს , სუვერენული სახელმწიფოები დაიპყროს,  ტერიტორიების ანექსირება და ოკუპაცია მოახდინოს, კრემლს სინამდვილეში ისიც კი არ შეუძლია, რომ ამდენი წლის განმავლობაში უპატრონოდ დატოვებულ შხამქიმიკატების  პოლიგონს მოუაროს და საკუთარ ხალხს, საკუთარი ქვეყანას  ღირსეულად უპატრონოს. როგორც თავისუფალ რუსულ მედიასივრცეში წერენ, სამწუხაროდ, ასე ჩანს, რომ გლობალური თუ მცირე ეკო კატასტროფები რუსეთის ტერიტორიაზე კვლავაც მოხდება და უფრო აღმატებულ ხარისხშიც კი. ნორილსკის, კამჩატკის შემთხვევები კი საკუთარი მიწის, ბუნების, ადამიანების ტოტალური განადგურებაა. ფაქტობრივად,  კრემლი წამლავს ყველაფერს, რისი მოწამვლაც შეუძლია – კონკრეტული არასასურველი ადამიანით დაწყებული, უზარმაზარი რეგიონით დამთავრებული.

ქეთევან ინწკირველი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები