ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატებაა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების მკვეთრი მატებაა. ბოლო ერთ დღეში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი რუსი სამხედროა.

ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ, ასეთი ვითარება პროგნოზირებადი იყო.

ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ე.წ.საზღვარი 15 სექტემბერს გაიხსნა. ამ ხნიდან დღემდე 33 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში დე ფაქტო მთავრობაში აცხადებდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე კოვიდ 19 აღარ არსებობდა. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ჯამურ სტატისტიკას, ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე 123 დადასტურებული შემთხვევაა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ე.წ. მთავარმა ექიმმა – ინდირა ბიჩენოვამ განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ნიღბის ტარების რეჟიმი მოქმედებს.

გარდა ამისა, მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის შესაძლო აფეთქებისთვის ბავშვთა საავადმყოფოს ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები