მღვდელ-მონაზონი: დაკავებული ივერი მელაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი მხარე აზერბაიჯანის მიწაზე ხვდება და რომ ეს მათი ტერიტორიაა

საპატრიარქოს ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე დავით გარეჯის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მღვდელ-მონაზონი კირიონის (ონიანი) განცხადება ვრცელდება.

როგორც ის აღნიშნავს, წლების წინ დღეს პროკურატურის მიერ დაკავებული ივერი მელაშვილი აქტიურად იყო აღნიშნულ პროცესებში ჩართული და ამტკიცებდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი მხარე აზერბაიჯანის მიწაზე ხვდებოდა და, შესაბამისად, ეს მათი ტერიტორია იყო.

„გარეჯის მონასტერში 24 წლის წინ, 1996 წელს მივედი. მახსოვს, მაშინ ჩვენი მესაზღვრე პატრული დადიოდა ქედიდან აზერბაიჯანის ახლანდელი საზღვრიდან 600 მ-ის სიღრმეში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო იმიტომ, რომ ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე.
2004 წელს ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი პატრული ვეღარ დავინახე; მერე 2006 წელს უკვე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე იმიტომ, რომ არ გვქონდა იმის განცდა, რომ აზერბაიჯანს შეიძლება, რაიმე საფრთხე შეექმნა ჩვენთვის. მაგრამ 2007 წელს უკვე რეალობის წინაშე დავდექით.
მაშინ დაიწყო ეს პრობლემები და ამის მოჰყვა პროტესტები ჩვენი მხრიდან. ხოლო ის, რომ 2006 წელს იურიდიული აქტები დაიდო,  ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ.
ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ყველაფერს ვიღონებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. ათასი დაპირება იყო და გვთხოვდნენ, რომ გავჩერებულიყავით, შეგვეწყვიტა ჩვენი პროტესტი. გვეუბნებოდნენ: გვენდეთ, ყველაფერს ვაკეთებთ. გვარწუმნებდნენ, რომ ეს ინცინდენტია, ცალმხრივი ქმედებაა და ჩვენ ამას არ ვეთანხმებითო. მაშინ რას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეეძლო, რაიმე ქმედება განეხორციელებინა!‼️
​ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ხელისუფლება შეეგუებოდა იმას, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მდგარიყო გარეჯის ტერიტორიაზე და ჩვენს მონასტერში არ შევეშვით – არც მონაზონი, არც მომლოცველი და არც მოქალაქე. ამიტომ, ხელისუფლებისადმი ნდობა და იმედის ფაქტორი კარგა ხანს გრძელდებოდა, გვეგონა – ყველაფერი მოგვარდებოდა.

​ასე დადგა 2008 წელი და გარეჯის თემამ მეორე პლანზე გადაინაცვლა იმიტომ, რომ დიდ უბედურებაში გავყავით თავი მთელმა ქვეყანამ. ეკლესიაც გარკვეული დროით გაჩერდა, რომ სახელმწიფოსთვის ასე მწვავე ოპონირება არ გაეწია ამ საკითხზე,  რადგან უფრო სერიოზული პრობლემები გვქონდა. ამის გამო თითქოს ცოტათი მოვდუნდით; თან იყო შეხვედრები ხელისუფლებასთან და გვაიმედებდნენ, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მოვაგვაროთო.

შემდეგ გაუგონარი რამ მოხდა, რომ ერთ დღესაც აზერბაიჯანელები ჩიჩხიტურზე დადგნენ!
ამ მხრივ დღეს დაკავებული ივერი მელაშვილი აქტიური იყო და გვიმტკიცებდა, რომ კოშკის ერთი მხარე ხვდება აზერბაიჯანის მიწაზე და რომ ეს მათი ტერიტორიაა.

სრულიად გაუგებარი თეზისია. თუ ერთი კუთხე მათ მხარეზე ხვდება, 3 დანარჩენი ხომ ჩვენს მხარეზეა და მაშინ რატომ დგება იქ ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრე?

ჩვენ ვიდექით აქამდე და ჩვენ ვიდგეთ! რატომ იკავებს აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას მთლიანად და ჩვენ იქ ფეხს ვეღარ ვდგამთ?

​ამაზე ბევრი კამათი და ბევრი ჩხუბი გვქონდა. მაგრამ მაინც გვქონდა შინაგანი ნდობის ფაქტორი ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ჩვენთვის დაუჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას არ მოაგვარებდა…“, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა კირიონმა ტელეკომპანია “ქართული არხის” ეთერში გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები