“ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც გამოძიების შედეგად ახლადგამოვლენილი გარემოებები ვერ დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას”
“მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საბოლოო დასკვნები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს.
„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზებისა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.