დავით მათიკაშვილი: რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, იყო დამალული და ის გამოძიებამ იპოვა
რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, იყო დამალული და ის გამოძიებამ იპოვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობდა 1938 წლის რუკის ასლი, მაგრამ არავინ დაეყრდნო ამ ასლს და არავინ დაელოდა ორიგინალის მოძებნას.
„დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააანონსა ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლიდანაც გამომდინარეობს რამდენიმე ძირითადი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი არის ის, რომ 1996 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაცია უნდა განხორციელებულიყო 1938 წელს შედგენილი რუკის შესაბამისად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ 2006–2007 წლებში ეს პროცესი წარიმართა აბსოლუტურად სხვა რუკით. არსებობდა 1938 წლის რუკის ასლი, მაგრამ არავინ დაეყრდნო ამ ასლს და არავინ დაელოდა ორიგინალის მოძებნას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ამ რუკის ორიგინალი იქნა ნაპოვნი და ის იყო დამალული კონკრეტული პირების მიერ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ ფაქტს ემატება ოპოზიციის ძალიან კარგად გასაგები ალიაქოთი, რაც მათი შინაარსიდან გამომდინარეობს.
„ისინი როგორ ეპყრობიან საკუთარ მიწა-წყალს ეს ძალიან კარგად ჩანს 2008 წლის შემდგომ მიღებულ რეზოლუციაში, სადაც მათ მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნის მიერ ომის დაწყების პრეზუმფციას, პრაქტიკულად, ჯარისკაცებს დააბრალეს ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკურ მრუდე დღის წესრიგში ჯდება ეს ყველაფერი, ამიტომ გასაკვირიც ამ მხრივ არაფერია, რომ ისინი ამ სიტუაციის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამ ყველაფრის წარმოჩენას ისე, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივებზე იყოს რამე აგებული. არა, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ფაქტი”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღემდე, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არათუ რამე გაკეთებულა, რომ სწორედ ისტორიული, სწორედ ის ნამდვილი საზღვარი დადგენილიყო, რაც 1938 წლის რუკით არის გათვალისწინებული, არამედ, როგორც გამოძიებიდან ჩანს, რეალურად კომისია დაეყრდნო აბსოლუტურად სხვა მონაცემებს.
„რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რეალურად იყო დამალული და ის საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ნაპოვნი”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.