ზალკალიანი: საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და, მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ, საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

ამის შესახებ ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი ვერ დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს.

„აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყება და ვერც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება, გაგვაჩნდეს. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, ძალიან შინაარსიანი და დეტალური საუბარი გვქონდა სწორედ ამ დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით. საჯაროდაც განვაცხადეთ, რომ აუცილებელია, მოიძებნოს ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმება. ჩვენ ამ მიმართულებით წავალთ. დარწმუნებული ვარ, კომისიის ფარგლებში ძალიან საქმიანი და საგნობრივი განხილვა იქნება.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ახლად აღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო მასალები და შესაბამისი განმარტებებიც მივეცით მათ, რომ ჩვენი პოზიციები გადაიხედება და არ უნდა იყოს აღქმული, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური და სრული გაგება ჰქონდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები