სუს-ის უფროსმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და მკვლევარებთან თემატური შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების საკითხების გარშემო საექსპერტო წრეებთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს. გამოიკვეთა პრობლემური საკითხები და ცალკეული ორგანიზაციებისა თუ მკვლევრების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები.
გრიგოლ ლილუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება საშუალებას იძლევა, ჩამოყალიბდეს ღია პარტნიორული ურთიერთობები სამსახურსა და სამოქალაქო სექტორს შორის, მოხდეს შეხედულებების გაცვლა და პოზიციების შეჯერება.
შეხვედრაში მონაწილეობა 25-მდე ექსპერტმა, მკვლევარმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები