სახელმწიფო ინტერესები დგას პირველ ადგილზე ყოველთვის და ყოველ დღეს, ამიტომ დავით გარეჯის საკითხს ნუ დავუკავშირებთ არჩევნებს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარი ფაქტი გამაოგნებელია.
„გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ რუკა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიხედვით, ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა და სამართლიანად მოგვეხდინა საზღვრის დემარკაცია ორ ქვეყანას შორის, რომელზეც გვიმტკიცებდნენ, რომ დაკარგულია და არ არსებობდა და ამის გამო ჩვენი პოზიციები იყო წამგებიანი, აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია. რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საერთო ჯამში მხარეები ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფო და რომლის ფარგლებშიც ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ დგას ამ მძიმე ფაქტის უკან, ქმედებით მოხდა თუ უმოქმედობით და ვინმეს დავალებით ამ რუკის შენახვა და გადამალვა”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამასთან, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.