“აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები სტუმრობენ ბელგიიდან და აშშ-დან
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან.
დღეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია საქართველოზე, როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მომგებიან ქვეყანაზე. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე.
როგორც “კვირას” სააგენტოდან “აწარმოე საქართველოში” აცნობეს, ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან რამდენიმე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოში ინვესტიციის პოტენციაზე და გაიგონ მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ.
საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობებ, როგორც წარმომადგენლები ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების – Location Perspectives და AngelouEconomics. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
„სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია და სააგენტო ინტერესდება საქართველოთი, როგორც მრავალფეროვანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნით”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” გუნდი „დაუღალავად შრომობს საქართველოს მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე წარმოსაჩენად და შედეგად მეტი ინვესტიციის მოსაზიდად”.
ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს.