“დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკისას ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები” – ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა დასრულდა
დავით გარეჯის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა, ის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. 2011 წელს ამ უწყების ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო საემიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცრის სტატუსით კომისიის შემადგენლობაში იყო. “კურიერის” ინფორმაციით, სწორედ ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, ილიჩოვას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტებია ამოღებული.
“სამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკა ჩატარდა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტები”, – აღნიშნა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.