რიკოთზე სამუშაოები 50 ხიდსა და 37 გვირაბზე მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

“მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამურად, 50 ხიდსა და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან 4 გვირაბი უკვე გაჭრილია.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში,  ჯამურად, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობა ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან, ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები