თამარ გაბუნია: პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება.
მისი თქმით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა 718-ს შეადგენს. ამ ადამიანებმა ჰოსპიტლები და საკარანტინე სასტუმროები დატოვეს, ბინაზე მეთვალყურეობაც შეჩერდა. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე. ალბათ, გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება“, – განაცხადა გაბუნიამ.