ნატა საბანაძე – პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: გიორგი გახარიამ უკვე დასახა მომავალი თანამშრომლობის გზები, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან
“პრემიერმინისტრმა უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორც გავაღრმავოთ და წინ წავწიოთ ჩვენი ურთიერთობები, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან, როგორც ფიზიკურად და აქ საუბარია ფიზიკურ კავშირებზე, ძალიან დომინირებს შავი ზღვის თემა, ასევე, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ა.შ”, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატა საბანაძემ პრემიერმინისტრის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
საბანაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, რაც შეხვედრებიდანაც გამომდინარეობს.
„პრემიერმინისტრს ჰქონდა შეხვედრა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან და ამით დაიწყო ევროკავშირის მხარე. გიორგი გახარია შეხვდა ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში, ბატონ ბორელს. ვიზიტი გაგრძელდება და შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია. პრემიერს ექნება შეხვედრები ევროკომისრებთან, რომლებიც კურირებენ განათლებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, მართლმსაჯულებას. ფაქტიურად, ყველა სფერო არის მოცული. ამიტომ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ვიზიტია. დიდი ინტერესი გამომდინარეობს ასევე იქედანაც, რომ ერთ თვეში საქართველოში არჩევნებია, ყველა საუბრობს ამ არჩევნებზე და მოლოდინი მაღალია”, – განაცხადა ნატა საბანაძემ.
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში და, შესაბამისად, არის იმის იმედი, რომ ეს პოზიციები არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება.