ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საქართველოში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიით წარმოქმნილ გამოწვევებსა და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.
ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მხრივ და საარჩევნო სისტემის ბოლოდროინდელმა რეფორმამ, რომელიც გულისხმობს მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ქვეყანას ახალი დონის დემოკრატიული განვითარება მოუტანა.
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და სავიზო ლიბერალიზაცია აძლევს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მეტი ამბიცია, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული მაქსიმალურად სრულად გამოყენება.
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, საქართველო გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. აღინიშნა, რომ აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა – „მეტი მეტისთვის”, რამდენადაც საქართველო, რომელიც ბევრს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მეტს იმსახურებს, შესაბამისად, საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რათა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტი დინამიკა ჰქონდეს.