ჩვენი ძალიან პროდუქტიული შეხვედრისას, ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ნატო-საქართველოს დინამიკური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრები და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებული ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და არსებითი პაკეტი ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილების შენარჩუნება, ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მომზადებაში დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.
„ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით უპირველეს ყოვლისა მასპინძლობისთვის, ამ ძალიან პროდუქტიული შეხვედრისთვის. პირადად ჩემთვის, ძალიან არსებითი შეხვედრა და საუბარი იყო. ჩვენი ძალიან პროდუქტიული შეხვედრისას, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრები და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებული ჩატარება. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ჩვენი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მომზადებაში დახმარების უზრუნველყოფის მიზნით. ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას შავი ზღვის უსაფრთხოების და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული.
„კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ, იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული. ასევე განვიხილეთ საქართველოს წინსვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს ნაყოფიერი შეხვედრისა და მასპინძლობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრისთვის,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.