„დოკუმენტებში ნათლად ჩანს, როგორ აფინანსებს და აქეზებს რუსეთი სეპარატისტულ მოძრაობას“ – „ცხინვალი 1920-ის“ პრემიერა ხვალ გაიმართება

დოკუმენტური ფილმის, „ცხინვალი 1920-ის“ პრემიერა ხვალ გაიმართება. ფილმს დახურულ პრეზენტაციაზე კონფლიქტოლოგებს, ისტორიკოსებსა და ექსპერტებს უჩვენებენ, შემდეგ სატელევიზიო პრემიერა იგეგმება.

ფილმი ინტერნეტსივრცეშიც იქნება ხელმისაწვდომი.

„ცხინვალი 1920-ის“ შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფილმის იდეის ერთერთმა ავტორმა, „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა – დავით ბრაგვაძემ, ისტორიკოსმა, ფილმის სცენარის ავტორმა – დიმიტრი სილაქაძემ და რეჟისორმა – მიხეილ ბასილაძემ ისაუბრეს.

როგორც დავით ბრაგვაძემ განაცხადა, ფილმი რუსული პროპაგანდის წინააღდმეგ საკმაოდ მძლავრი და ღირსეული პასუხია.

„ფილმი ეხება 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, გვეჩვენებინა რეალური ისტორია, რადგან რუსული და სეპარატისტული პროპაგანდის მხრიდან ეს თემა საკმაოდ სერიოზული მანიპულაციის საგანია, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. არის გარკვეული ბრალდებები იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოაწყო ოსი ერის გენოციდი. ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ობიეტურად გაგვეშუქებინა ეს ისტორიული საკითხი, არ გაგვეშუქებინა ნაციონალისტური პოზიციებიდან და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც ამ ფილმშია გაჟღერებული, გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტებით, საარქივო მასალებით. პროდუქტი არის ძალიან მაღალი ხარისხის და არის საკმაოდ მძლავრი და ღირსეული პასუხი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით ბრაგვაძემ.

ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის განცხადებით, ფილმში ყველა ფაქტი შესაბამისი წყაროებითაა გამყარებული.

„ჩვენი მიზანი იყო არა პროპაგანდისტული პასუხი იმ სიცრუესთან დაკავშირებით, რა სიცრუესაც რუსული ისტორიოგრაფია, მედია და პოლიტიკური ელიტა ავრცელებენ, არამედ ჩვენი მიზანი, იყო გვეჩვენებინა სიმართლე – ყველა სიტყვა, რაც ფილმშია, ყველა მოვლენა, ყველა ფაქტი, შესაბამისი წყაროებით ყოფილიყო გამყარებული. ამისთვის დაგვჭირდა არსებული კვლევები და დამატებითი კვლევის ჩატარებაც. რადგან არსებული კვლევების საკმაოდ ნაწილი ნაკლებად სანდოა ბევრი მიზეზის გამო, აქვს იდეოლოგიური ხასიათის ხარვეზები. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება არქივებში, რათა დამატებითი დოკუმენტები მოგვეძიებინა. ყველაფერი დამყარებულია პირველ წყაროებზე. ჩვენი სურვილი იყო, სიმართლე გვეჩვენებინა, რადგანაც გამოიკვეთა კიდეც მუშაობის პროცესში, რომ ეს სიმართლე იყო ჩვენ მხარეს. ჩვენ ამ ფილმს ვაჩვენებთ იმიტომ, რომ გამოჩნდეს, რა შეცდომები იყო დაშვებული საუკუნის წინ, როცა საქართველოს სახელმწიფოს დაშლის მცდელობა იყო, როგორ დაგვიპირისპირეს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. გვინდა, ეს ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ  იყოს მაგალითი. ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ დაბალანსებული, ობიექტური ფილმი გადავიღეთ, სადაც ყველაფერი კვლევაზეა დაფუძნებული. არცერთი სიტყვა მოგონილი და გაზვიადებული არაა. ხვალ იქნება დახურული პრეზენტაცია, რომელსაც ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრებიან. შემდეგ იქნება ფართომასშტაბიანი სატელევიზო პრემიერა და ფილმი ინტერნეტსივრცეშიც განთავსდება“, – განაცხადა დიმიტრი სილაქაძემ.

რეჟისორ მიხეილ ბასილაძის თქმით, ფილმში ნაჩვენებ დოკუმენტებში ასახულია, როგორ აქეზებდა და აფინანსებდა რუსეთი სეპარატისტულ მოძრაობას.

„ის სურათი, რაც დაიხატა, ზედმიწევნით ასახავს, იმ პერიოდში რაც ხდებოდა და დღეს რაც ხდება. პარალელები იმდროინდელ მოვლენებსა და დღევანდელ მოვლენებთან ძალიან თვალსაჩინოა: როცა 1920 წელს ცხინვალი აიღეს, იგივე ხდებოდა 2008-ში როცა რუსეთი ეხმარებოდა სეპარატისტულ მოძრაობას, იგივე ხდებოდა 2008-ში. ჩვენ გვინდოდა, ეს პარალელი გამოგვეჩინა. ეს ყველაფერი გამაგრებულია დოკუმენტებით. ნათლად ჩანს დოკუმენტებში, როგორ აფინანსებს ამ ყველაფერს რუსეთი, როგორ აქეზებს სეპარატისტულ მოძრაობას, როგორ უპირისპირდება ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ყველაფერი ფილმში ასახულია არა ქართული პოზიციიდან, არამედ – იმის საფუძველზე , რაც დოკუმენტებშია. ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ეს დოკუმენტები, ძირითადად, ოსურია. ანუ, ჩვენ მაგივრად საუბრობენ ოსები, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოებრიობას.

რაც ეხება ფილმის ვიზუალურ მხარეს: რამდენიმე სეგმენტად შეიძლება, დაიყოს, პირველი ესაა ჩვენი გადაღებული კადრები, რომელიც ასახავს ცხინვალის მისადგომებთან გადაღებულ კადრებს. მეორე – ნაჩვენებია ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ვუთითებთ. კიდევ ერთი ეპიზოდია გრაფიკული ელემენტები, იმ პერიოდის ფოტო, საგაზეთო მასალები“, – განაცხადა რეჟისორმა.

ცნობისთვის, ოსების სეპარატისტული გამოსვლების მიზანი შიდა ქართლის მთიანი ზონიდან ქართველი მოსახლეობის გამოდევნა და ამ ტერიტორიის საქართველოსაგან ჩამოცილება იყო. ამ მიზნით 1918-1921 წლებში ოსთა სამი მასშტაბური აჯანყება მოეწყო , რომლებიც რესპუბლიკის არსებობას უქმნიდნენ საფრთხეს, რადგან აჯანყებულებს საბჭოთა რუსეთი იარაღით და შეიარაღებული ძალით ეხმარებოდა.

ოსთა რიგით მესამე მასშტაბური აჯანყება 1920 წლის მაისში დაიწყო, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდნენ. 1920 წლის 8 მაისს როკის რაიონში აჯანყებულმა ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. იმავდროულად მიიღეს ამ რაიონის რუსეთის სფს რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებაც. აჯანყებულებს როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც შეუერთდნენ. იმავდროულად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩრდილო ოსეთიდან როკის, ზეკარისა და მამისონის უღელტეხილებით სამ კოლონად შემოვიდა ოსთა პარტიზანული რაზმი , ისინი სოფელ ჯავაში შეერთდნენ და შემოიტანეს იარაღი აჯანყებულებისათვის. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920 წლის 12 ივნისს ქართულმა ჯარმა დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს ოსების უკანასკნელი ნარჩენები როკის უღელტეხილით ჩრდილოეთით განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ აჯანყების ლიკვიდაცია მოახდინა და შიდა ქართლის მოსახლეობა დევნილობისაგან იხსნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები