როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით – პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება

“პოლიტიკურად, საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური. უნდა ვეცადოთ, რომ რეგიონში გამაწონასწორებლები ვიყოთ”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ არცერთი მხარის პოზიცია არ უნდა დაიკავოს.
მისივე თქმით, ჩვენ ევროკავშირს უნდა მივბაძოთ, რადგან ის ყველაზე სანდო ორიენტირია.

„მართლაც რთული ვითარებაა სამხრეთ კავკასიაში. ეს მოვლენები მოსალოდნელი იყო. ივლისში, როცა იყო ესკალაცია, რომელიც არ იყო ყარაბაღის ტერიტორიაზე და უფრო ახლოს იყო საქართველოს საზღვართან, მაშინ აშკარად ჩანდა, რომ მხარეები არ იყვნენ მზად მშვიდობისთვის. მეც და ყველამ, ვინც ვაკვირდებით, რა ხდება ყარაბაღსა და კავკასიაში, ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაფერი ყარაბაღში გადავიდოდა. ვინც სამხედრო სტრატეგიას იცნობს, იცის, რომ, როგორც წესი, ომები იწყება ზამთრის პირას. თუ მთიან რეგიონში ელოდები ომს, უნდა ელოდო შემოდგომაზე, ზამთრის პირას. ყველა კლასიკური ვარიანტია გათვალისწინებული, მათ შორის, დღეც – შაბათს, გვიან ღამით, კვირას ომის დაწყება, როცა მთელი მსოფლიო ისვენებს. აშკარად ჩანს, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი, წინასწარ გათვლილი ოპერაცია. მე არ ვამბობ, ვინ დაიწყო ომი, მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, ძალიან ძნელია, ვინმეზე თქვა, რომ სწორედაც მან დაიწყო ომი. ცალსახად უნდა ითქვას, აზერბაიჯანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისთვის მიუღებელია ეს სტატუსკვო, რაც ახლა ხდება და მას აუცილებლად სჭირდება ცვლილებები. ყარაბაღის ტერიტორიაზე 2016 წელს, აპრილში ფართომასშტაბიანი დაპირისპირება იყო. მოგეხსნებათ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონა ორი ნაწილისგან შედგება: ერთია მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქი, საბჭოთა პერიოდში არსებული და მეორე – ყარაბაღის გარშემო სომხეთს დაკავებული აქვს ე.წ. ბუფერული ზონა. ამას აზერბაიჯანი ეძახის ,,ოკუპირებულ ტერიტორიებს,,. საომარი მოქმედებები ხშირად ამ ტერიტორიებს ეხება ხოლმე. 2016 წლის აპრილში სწორედ ამ ბუფერულ ზონაში, ერთერთ რაიონში აზარბაიჯანმა მიაღწია წარმატებას და რამდენიმე სოფელი დაიკავა. სომხეთში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, ესეც იყო ერთერთი მიზეზი, მოვიდა ფაშინიანი. გაჩნდა იმედები, რომ შეიცვლებოდა ვითარება. მართლაც ყველასთავის მოულოდნელად არსებითად გაუმჯობესდა ვითარება. ვენაში შეხვდნენ ალიევი და ფაშინიანი, შეთანხმდნენ წითელ ხაზებზე და ა.შ. ამ ზონებში მსხვერპლის რაოდენობა შემცირდა. იყო მოლოდინში, რომ რაღაც უკეთესობისკენ წავიდოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი მიხვდა, რომ ფაშინიანის შემთხვევაშიც შეუძლებელი იყო გარკვეული მოლოდინების შესრულება.

რასაც მე ვუყურებ, წუხელ ღამითაც რაც ვნახე რუკაზე, აზერბაიჯანმა მთელს ფრონტზე, მთელი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიაზე შეუტია, განსაკუთრებით – აღმოსავლეთის მხრიდან. აშკარად ჩანს, რომ აზერბაიჯანმა ყველა მხრიდან შეუტია, რათა გაფანტოს სომხური შეიარაღებული ძალები. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი უტევს ბუფერულ ზონებს და არა – საკუთრივ ყარაბაღის ტერიტორიას. შეიძლება, ის გადავიდეს ყარაბაღის ტერიტორიაზეც, მაგრამ ვფიქრობ, დაკმაყოფილდება რაღაცა წარმატებით მაინც, ანუ 2-3 რაიონი რომ აიღოს ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება მისთვის. იტყვის, რომ გაჩერდა, მაგრამ ამას დიდხანს ვერ მოითმენს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი გეოპოლიტიკური კონფლიქტია.

„ეს კონფლიქტი მკაფიოდ გეოპოლიტიკურია. აქ გამოკვეთილი გეოპოლიტიკაა: რუსეთი და თურქეთი. ნებისმიერი მოძრაობა ყარაბაღში თურქეთს აძლიერებს. თურქეთმა მკაფიოდ თქვა, რომ აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ადრე კი ნეიტრალური იყო. რუსეთი უფრო ხელშეკრულია: ის ვერ დაეხმარება სომხეთს ყარაბაღის ტერიტორიაზე, რადგან ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება, რუსეთს კი ვალდებულებები აქვს, სომხეთს დაეხმაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ვიდრე სომხეთის ტერიტორიაზე არ დაიწყება საომარი მოქმედებები, რუსეთი პირდაპირ, საჯაროდ ვერ დაუჭერს მხარს სომხეთ ვერც იარაღით, ვერც – ვერაფრით. მეორეც: რუსეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მისი მოვალეობაა არა რომელიმე მხარის პოზიციის დაკავება, არამედ – ნეიტრალურობა, მოლაპარაკების ფასილიტატორობა. ანუ რუსეთი ხელშეკრულია, თურქეთი ხელგახსნილია. ამიტომ, აქ არის მკაფიოდ გამოკვეთილი გეოპოლიტიკური დაპირისპირება, სადაც ცალსახად იმარჯვებს თურქული მხარე არა იარაღით, არამედ – პოლიტიკით.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციის საკითხს – ჩვენ უნდა მივბაძოთ ევროკავშირს. დაახლოებით, ამ ტიპის პოზიცია უნდა გვქონდეს. შეიძლება, უფრო მკაფიო პოზიციები გვქონდეს იმიტომ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა პირდაპირ ამ კონფლიქტის, რეგიონის შუაგულში, რომელსაც თავის ინტერესები აქვს. ეს ინტერესები არ არის რომელიმეს გამარჯვება. თურქეთის ინტერესებია აზერბაიჯანის გამარჯვება. რუსეთი მხარს სომხეთს უჭერს. ანუ ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ორივე სახელმწიფოსთან თანაბრად კარგი ურთიერთობები გვაქვს. ეს ყოველთვის უნდა ითქვას. მეორეც: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ჩვენთან გადის ნავთობსადენისა და გაზსადენის მილები. ჩვენ გვჭირდება კარგი ურთერთობები თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რაც რუსეთს აღიზიანებს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სტრატეგიული მხარდაჭერა თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ასევე, მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან.

ჩვენთან პრობლემები შეიძლება, შეიქმნას იმ შემთხვვეაში, თუ ეს კონფლქიტი გამოვა ყარაბაღის ზონიდან, აიწევს ზემოთ. რუსეთის ინეტერესებშია, დაეხმაროს სომხეთს, მას აწყობს, რომ როგორმე კონფლიქტი გავიდეს ამ ტერიტორიიდან. რუსეთს სჭირდება, იქ იყოს საომარი მოქმედებები, სადაც ნავთობსადენი და გაზსადენები გადის. მაშინ მიუახლოვდება საქართველოს საზღვარს. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტერიტორიაზე არაფერი იქნება, მაგრამ ეკონომიკურად შეიძლება, იყოს პრობლემები“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ მინიმუმ 5 დღეში, მაქსიმუმ 1 თვეში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი.

„მსოფლიო არ დაუშვებს ფართომასშტაბიან ომს. ვფიქრობ, მინიმუმ 5 დღეში, მაქსიმუმ 1 თვეში რაღაც სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. საქართველომ უნდა უყუროს ევროკავშირს. ევროკავშირი არის ჩვენი ყველაზე სანდო ორიენტირი, ისინი ძალიან დიპლოტიურები არიან. საქართველოს ასევე უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტები ანკარასა და ბაქოსთან, აუხსნას – რატომ არის საჭირო, სომხეთთან არ გაწყდეს კონტაქები: ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სოციალური. არც ბაქოს ინტერესებში, არც ანკარის, არც ერევნის ინტერესებში არაა, საქართველომ დაიკავოს რომელიმე მხარის პოზიცია. ჯობს იყოს ნეიტრალური. ჯერჯერობით, ეს გამოსდის. პოლიტიკურად, საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური. უნდა ვეცადოთ, რომ რეგიონში გამაწონასწორებლები ვიყოთ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ე.წ.მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გუშინ, დილის საათებში დაიწყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები