დღეს ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი გაიხსნა

დღეს, თბილისში, ვ. სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა.
პრემიერ-მინისტრმა, განახლებული ჰოსპიტლის შენობა თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან ერთად დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მოვალეობაა და ღვაწლმოსილი ვეტერანების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს, ამიერიდან, ახალ მისამართზე, სპირიდონ კედიას ქ. N7-ში უსასყიდლოდ მოემსახურება.
ჰოსპიტალი, გამოჩენილმა ქართველმა სამხედრო ექიმმა, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა, ვლადიმერ სანიკიძემ, 1978 წელს დააარსა. 2016 წელს, ჰოსპიტალი მართვაში გადმოეცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. უწყებამ შეიმუშავა მისი რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმა, თუმცა, არსებულ, ამორტიზებულ შენობაში, რაიმე სახის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ჰოსპიტლისთვის საჭირო იყო ახალი შენობა, რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მდგომარეობამდე მიყვანა იქნებოდა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომა და სამაგალითო პარტნიორობა, რომელსაც უწყება ვეტერანების მიმართ იჩენს და რომელმაც კედიას ქუჩაზე არსებულ შენობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 1500 კვ.მ -მდე ფართი გადასცა და 2018 წელს, ვეტერანთა ჰოსპიტლის განვითარების გეგმა ეტაპობრივად დაიწყო. სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით გადაიარაღების პროცესში, ჰოსპიტალს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ამერიკელი პარტნიორები.

ჰოსპიტლის პერსონალი, ძირითადად, ოფიცრები არიან, მათი უმრავლესობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია. მათ შორის არიან ის სამხედრო ექიმები, ექთნები, მედდები, რომლებიც ვეტერანების ჯანმრთელობას წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები