დავით ზალკალიანმა IFRC-ისა და “საქართველოს წითელი ჯვრის” საზოგადოების წარმომადგენლებს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ,,წითელი ჯვრისა,, და ,,წითელი ნახევარმთვარის,, საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) წარმომადგენელს, ოლგა ჯუმაევასა და ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების,, პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ,,წითელი ჯვრისა,, და ,,წითელი ნახევარმთვარის,, საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
მინისტრმა IFRC-ის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა განხორციელებული პროექტებისთვის, მათ შორის COVID-19 პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2021 წლის ივნისში ,,წითელი ჯვრის,, საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რიგით მე-11 კონფერენციის საქართველოში ჩატარების საკითხს, რომლის მიზანია ეროვნული საზოგადოებების თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა, საერთო ჰუმანიტარული საკითხებისა და გამოწვევების გამოკვეთა და მათი მხარდაჭერისთვის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.