„გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ მითს ყოველდღე ამსხვრევს სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციას ებრძვის“ – ლადო ბოჟაძე

“ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციას, ფაქტობრივად, აღარ ახსოვს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ერთმანეთის კრიტიკაზე, დაპირისპირებაზე არიან გადასულები. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციას არცერთ შემთხვევაში არ წაადგება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს ფუფუნება, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ხმები ვინმეს დაუთმოს.

ლადო ბოჟაძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ყველა კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნებში პირველ ადგილზე მმართველი პარტია გადის.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სოციოლოგიური კვლევები, ფაქტობრივად, გამოიყენება პოლიტიკური მანიპულირებისთვის, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და არა – კლასიკური მეცნიერული კვლევებისთვის – იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა პრობლემები აქვთ ამომრჩეველს, რათა ამის მიხედვით დაგეგმოს ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ საკუთარი საარჩევნო კამპანია.
თუმცა, ყველა კვლევამ აჩვენა ის, რომ „ქართული ოცნება“ გადის პირველ ადგილზე. ზოგიერთ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ ალოკაციის პრინციპით გადალახული აქვს ის ე.წ. ჩამკეტი, 40 %-იანი მექანიზმი. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ ხოლმე, რომ კრიტიკულ ზღავრზეა და ეს 38-39 %-ია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობასა და პროცენტებს, როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თანაბრად იყოფა ხოლმე, რადგან გადაუწყვეტელი ნიშნავს იმას, რომ მან შეიძლება, „ქართულ ოცნებასაც“ მისცეს ხმა და ვინმეს ოპოზიციიდან. თუმცა, თუ ამ მექანიზმით არ წავალთ და მინიმუმ 38 ან 39 %-ს ვიგულისხმებთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან, იქაც ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს 40 %-იანი ბარიერის გადალახვას და, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უმრავლესი მაჟორიტარული ოლქების მოგებას. მაგრამ მეორე ტურები იქნება ძალიან ბევრ ოლქში. 2016 წელსაც გახსოვთ, მეორე ტურები გქვონდა, ეს ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისთვის.

რაც შეხება თავად კონსტიტუციურ ჩანაწერს – იცით, რომ, პირველ ყოვლისა, საუკეთესო შედეგების მქონდე პარტიას აქვს უფლება იმისა, დასაახელოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მთავრობა. თუ „ქართულ ოცნებას“ ექნება მყარი უმრავლესობა ერთპარტიულ რეჟიმში, დაამტკიცებს გიორგი გახარიას მთავრობას, თუ აღმოჩნდება, რომ ვერ შეგროვდა შესაბამისი რაოდენობა ხმებისა, მერე ეძლევა ოპოზიციას შანსი, დაასახელოს პრემიერობის აკნდიდატი. ბუნებრივია, მათაც დასჭრიდებათ 76 ხმის შეგროვება“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მითი გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ დიდი ხნის წინ დაიმსხვრა.

„მე კოალიციურ მთავრობას უფრო 2024 წელს ველოდები სწორედ იმიტომ, რომ გვექნება სრულად პროპორციული სააარჩევნო სისტემა, 5 %-იანი ბარიერი და ბლოკები იქნება აკრძალული.
„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის პიროვნებაზე აგებს საარჩევნო კამპანიას, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჰყავს „ევროპულ საქართველოსაც“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეობორისტულ პარტიას“. ყველას, ფაქტობრივად, „გირჩის“ გარდა, აქვს ამბიცია, რომ იყოს პრემიერმინისტრი. როგორ წარმოგიდგენიათ, ისინი ერთ კანდიდატზე როგორ შეთანხმებიან?
თუ დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიას, რომელსაც „ქართული ოცნება” ატარებს და იმას, რეალურად რა ხდება ოპოზიციურ ფრონტზე: ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციას, ფაქტობრივად, აღარ ახსოვს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი – ერთმანეთის კრიტიკაზე, დაპირისპირებაზე არიან გადასულები. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციას არცერთ შემთხვევაში არ წაადგება.
ზოგადად, მითი გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ დიდი ხნის წინ დაიმსხვრა. ამ მითს ყოველდღე ამსხვრევს თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უფრო მეტად ებრძვის, პირველ ყოვლისა, „ევროპულ საქართველოსა“ და სხვა დანარჩენ ოპოზიციას. სწორედ იმის გამო, რომ კვლევებში ისტორიულ მინიმუმზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს ფუფუნება, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ხმები ვინმეს დაუთმოს. ამიტომ, ისინი უფრო მეტად ორიენტირებულები არიან ოპოზიციასთან ბრძოლაზე. ეს არჩევნები ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ან ოპოზიციის გამარჯვების არჩევნები. ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის – ვის ექნება საშუალება, მერე დამოუკიდებლად მოხვდეს პარლამენტში“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები