“კრიმინალის შესახებ წინა წლების რიცხვებიცაა, უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში”

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, არსებობს წინა წლების სტატისტიკაც – მაშინ, როცა ციხეში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა.

“კრიმინალზე ძალიან ბევრჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული. სამწუხაროდ, ხდება ინტერპრეტაციები ჩემი განცხადებებისა. ძალიან მარტივია, არსებობს ჩვენი ვებგვერდი, სადაც არის ოფიციალური რიცხვები, სადაც დევს არა მარტო ამ წლების, სხვა – წინა წლების მონაცემებიც. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა და დაიქცა ქვეყანა, შევიდნენ და ნახონ ძველი რიცხვები. ეს რიცხვები ჩვენი მოგონილი არ არის და 2007-ში, 2008-ში წელს მათ ჩვენ ვერ დავწერდით. ნახავთ, თუ რამხელა სხვაობაა თუნდაც წინა წლებში, სულ კლებადი ვერ იქნება. ხანდახან იკლებს, ხან იმატებს. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება ძველ მთავრობასა და ამ მთავრობაში, მაგრამ იძულებული ვარ, ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 000 – 25 000 ადამიანი, დღეს კი 9 000-მდე პატიმარიც არ არის. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი  ადამიანი იჯდა ციხეში. კიდევ ვიმეორებ, არის საიტზე რიცხვები, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ, არ სჭირდება ამას იურიდიული განათლება, ეკონომიკური განათლება და ა.შ. იყო 300, დღეს არის 100, ვთქვათ, პირობითად ვამბობ ამ რიცხვებს.
მესმის,  არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა და, მით უმეტეს, გაშუქებაც გააქტიურებულია, კრიმინალი ხდებოდა და ახლაც ხდება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები