“ადაპტაციისა და მართვის ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, პასუხისმგებლობები, წესების დაცვის თვალსაზრისით, როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის, მეტად იზრდება”
“წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთან რაოდენობის ზრდასთან”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე მოქალაქეების, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება წესრიგისა და წესების დაცვის თვალსაზრისით.
„პრემიერმინისტრმა საკმაოდ კონკრეტულად და ნათლად ისაუბრა იმ პოლიტიკაზე, რაც მთავრობას ჯერ კიდევ პირველი დღეებიდან მოყოლებული ჰქონდა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით, საკმაოდ თანმიმდევრული, რაციონალური და პროგნოზირებადი პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვატარებდით. ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა და დღეს, ვიმყოფებით ამ რეალობის წინაშე. შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, წესრიგის და წესების დაცვის თვალსაზრისით. წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთან რაოდენობის ზრდასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ და ყოველი საბჭოს შემდეგ, გვსურს, რომ საზოგადოებას მოვუწოდოთ, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები, რომელთა დაცვითაც, ჩვენ, დღეს, გვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ადაპტაცია, რა ფაზაშიც, ფაქტიურად, ჩვენ ვიმყოფებით. ადაპტაციისა და მართვის ფაზაში გადავედით შეკავების ფაზიდან, რომელსაც პირველი ეტაპიდან, მთავრობა ახორციელებდა. მიზანი და ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.