საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ, გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).
საუბარი ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და აშშ-სა და საქართველოს შორის როგორც უსაფრთხოების, ისე – ეკონომიკურ განზომილებებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებასა და იმ გამოწვევებს დაეთმო, რომელიც ადგილზე არსებობს.
დისკუსიისას საქართველოს პრემიერმინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
სატელეფონო საუბრის ბოლოს საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.