თორნიკე რიჟვაძე: გავაგრძელებთ კლინიკური მიმართულების გაძლიერებას და პაციენტების შესაბამის მართვას

აჭარის მთავრობაში დღეს გამართულ ოპერატიული შტაბის სხდომას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დაესწრო. სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების გაძლიერება – „ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია დაინფიცირებული პაციენტების მართვა და კლინიკური მიმართულების გაძლიერება. ამ მიზნით აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ კოვიდ მართვის კლინიკებთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.”

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რეგიონში სრულად ექვემდებარება კონტროლს. ასევე აღნიშნა, რომ ლოჯისტიკური რგოლი, ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური სიმძლავრეები, ასევე ადამიანური და ტექნიკური რესურსი რეგიონში სრულად არის მობილიზებული.

„არ იგეგმება მძიმე შეზღუდვები, მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსთან ადაპტაცია. სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთი ადამიანი აჭარაში დღეს არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა 137 ახალი შემთხვევა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები