„ქოლგა თბილისი ფოტო 2020“ – 60 წელი ფოტოგრაფიაში

23 სექტემბრიდან თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქოლგა თბილისი ფოტო 2020“-ის პროგრამის ბოლო გამოფენა – „ვარლამ გენგიურის 60 წელი ფოტოგრაფიაში“ – გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზის წლევანდელი ნომინანტის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფის, ვარლამ გენგიურის ფოტონამუშევრები.

ვარლამ გენგიური დაიბადა 1935 წელს. 13 წლის იყო, როდესაც მეზობლის ფოტოლაბორატორიაში მოხვდა და მალევე გაიტაცა ფოტოგრაფიამ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, პირველი კადრები რომ გადაიღო.

1960 წლიდან მედიაში მოღვაწეობს. მუშაობა „ახალგაზრდა კომუნისტში“ დაიწყო. მოგვიანებით კი სხვადასხვა გაზეთის, მათ შორის „სოფლის ცხოვრების“, „კომუნისტისა“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ ფოტორეპორტიორი იყო. სპორტის სიყვარულმა, რომელიც ველოსპორტზე სიარულმა გაუღვივა, განაპირობა ვარლამ გენგიურის სპორტულ ფოტოგრაფიაში საქმიანობა. თუმცა, ის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფოტორეპორტიორია. 1971 წელს სპორტული ფოტოს რესპუბლიკურ კონკურსზე ვარლამ გენგიურის ფოტოსერიამ პირველი პრემია დაიმსახურა. 1999 წელს ის საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ვარლამ გენგიურის ობიექტივში მოხვდა საბჭოთა და დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს არაერთი მოვლენა როგორც სპორტში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსთან“ პარტნიორობის ფარგლებში.

გამოფენის ხანგრძლივობა: 23-28 სექტემბერი

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. №8

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები