საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში: აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და სტრატეგიული პარტნიორია

აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

როგორც haqqin.az -ი აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური უწყების წარმომადგენლობაზე დაყრდნობით წერს, საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, თავისუფალი საინვესტიციო გარემო, გამარტივებული საგადასახადო და მარტივი საბაჟო ადმინისტრირება.

როგორც საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანულ მედიას განუცხადეს, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. საელჩოს განმარტებით, გაზრდილია პოლიტიკური პლურალიზმიც, შემცირებულია კორუფცია და დიდი ყურადღება ექცევა ბიზნესის განვითარებას.
საქართველოს საელჩოს ცნობით, მსოფლიო ბანკისა და სხვა პარტნიორების ((EBRD, EIB, DFID) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსყიდვის შემთხვევების სიმცირით 144 ქვეყანას შორის საქართველო მოწინავე ათეულშია. საქართველოს დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილე 581 კომპანიის წარმომადგენლიდან ქრთამის მოთხოვნის შემთხვევა მხოლოდ 1.3-მა პროცენტმა დაადასტურა. როგორც საელჩოში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი ევროპასა და აზიაში 10 %-ს, ხოლო საშუალო შემოსავლების ქვეყნებში 12%-ს აღემატება.
საელჩოს განცხადებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ Fitch– ის რეიტინგში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ზედიზედ მეორე წელია, BB დონეზე ნარჩუნდება. დიპლომატიური უწყების შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, 2020 წლის მონაცემებით, Doing Business რეიტინგში საქართველომ 189 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციაში საქართველოს მთავარ მიმართულებად რჩება ვაჭრობის უფრო მეტად ლიბერალიზაცია და მსოფლიოს მთავარ ბაზრებზე ინტეგრაცია. როგორც საელჩოში განმარტავენ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, საქართველოს უკვე აქვს წვდომა დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, დსთ-ის, ჩინეთისა და ევროკავშირის ბაზრებზე. საელჩოს განცხადებით, ჯამურად, ეს თითქმის 2.3 მილიარდი მომხმარებელია, რაც ბიზნესისათვის საკმაოდ დიდი პერსპექტივაა.
როგორც საქართველოს საელჩოში აცხადებენ, საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ყოფნა მას მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისათვის და, პირველ ყოვლისა, აზერბაიჯანისთვის, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები