„ქართული ოცნების” ლიდერები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესა და „ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
მშენებელი კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ჭკადუას თქმით, ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 5 ლოტზე, ბოლო მონაკვეთის დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.
საჩხერე-ონის არსებული მარშრუტის (სიგრძე 111 კმ.) სამგზავრო დრო, დაახლოებით, 2 საათია, ხოლო ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით – ქალაქებსა და სოფლებში.
„ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, აღნიშნული საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს და 5 საათის ნაცვლად მგზავრობისათვის 3.5 საათი იქნება საჭირო.
საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარს შეადგენს, საერთო სიგრძე კი 51 კმ-ია. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.