21 სექტემბერს პოეტი მარი აბრამიშვილი დაიბადა

მარი აბრამიშვილი (1922-2008) ქართული პოეზიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის ლექსი და შეუდრეკელი ცხოვრება მუდამ იბრწყინებს ნიჭიერების და თავისუფლებისთვის წარბშეუხრელი ბრძოლის სიმბოლოდ.
მე იგი თავდაპირველად, 90-იანი წლების დასაწყისში, პოეტისა და ჟურნალისტის, ნანა ღვინეფაძის ვრცელი ნარკვევით გავიცანი. მანამდე წაკითხული მქონდა მისი შესანიშნავი ლექსები და ყურმოკვრით ვიცოდი მისი ანტისაბჭოთა განწყობა, რისთვისაც იგი სრულიად ახალგაზრდა დააპატიმრეს და ვიატკის ბანაკებში გაატარებინეს რამდენიმე წელიწადი.
ქალბატონი ნანას პუბლიკაციას იმხანად ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა. ერთ დღეს კი თვით ნარკვევის გმირმა, ლეგენდრულმა მარი აბრამიშვილმა შემოაღო რედაქციის კარი, რათა ნანა ღვინეფაძისთვის მადლობა ეთქვა…
ჩვენში, ქალბატონი ნანას უმცროს კოლეგებში, ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დიდი მოწიწებით განგვაწყო გაუტეხელი სულის პოეტის მიმართ. ნანა ღვინეფაძე, რომელმაც გახმაურებული წიგნი „შარავანდედი” უძღვნა ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს, ამბობდა, რომ მას მეორე მაროსავით თავდადებულ თანამედროვე ქართველ ქალად მარი აბრამიშვილი მიაჩნდა და გაგვიმხილა, რომ სიამოვნებით დაწერდა მარი აბრამიშვილის ცხოვრების წიგნს.
მერე რომ ვკითხე ქალბტონ ნანას, რატომ არ დაწერა მისთვის სასურველი წიგნი, მიპასუხა, მას შემდეგ რაც შევიტყვე, რომ მარი აბრამიშვილი თავად აკეთებდა ჩანაწერებს, გადავწყვიტე ხელი ამეღო ამ განზრახვაზეო. შარშან, მანვე სიამოვნებით მაჩვენა ახლად გამოცემული მარი აბრამიშვილის წიგნი „ბედისწერის განაჩენი”, რომელიც 2016 წელს დაბეჭდა „ინტელექტმა”.
ეს მართლაც დიდი და ამაღელვებელი ცხოვრების მატიანეა, რომელიც მუდამ გამოიწვევს მძაფრ ინტერესს და სიამაყეს გვაგრძნობინებს მისი ავტორის პიროვნული სიძლიერის და გაუტეხლობის გამო.
მარი აბრამიშვილი წარმოშობით საჩხერიდან იყო, აკაკის, პაოლო იაშვილისა და მუხრან მაჭავარიანის ადგილის დედიდან, მართლაცდა, რა ამოუწურავი პოეტური მადანი შემოემატა სიტყვაკაზმულ ქართულ მწერლობას იმერეთის ამ ღვთიური მხრიდან… ჩვენს ლირიკულ პოეზიას მარი აბრამიშვილის სახით ჰყავს უძლიერესი სიტყვით მხატვარი, შემთხვევითი არ არის, რომ მისი ათობით ლექსი სიმღერებად აიტაცა საქართველომ.
ცხადია, რომ მრავალსაუკუნოვნი ქართული პოეზიის ყველაზე დაწურულ ანთოლოგიაში მოხვდება და საპატიო ადგილს იპოვის მარი აბრამიშვილის ლირიკა, მისი უმშვენიერესი სულის გამოშუქება თრთოლვას არც მომავლის მკითხველს დაულევს…
ამიტომაც არის სავსებით ბუნებრივი, რომ მისი დაბადების დღე – 21 სექტემბერი, პოეზიის დღეობად ჩავთვალოთ.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები