რევაზ კოპალაძე: კომპანიებში დროებითი მმართველის შეყვანა გამოიწვევს დიდ საერთაშორისო ზეწოლასა და საინვესტიციო გარემოს გააუარესებს

კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუს ონლაინისთვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ დავას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

საქართველოს პარლამენტში მიღებულმა ამ კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.
„კავკასუს ონლაინი“ კი სარჩელის შეტანას საკონსტიტიციო სასამართლოში უახლოეს დღეებში აპირებს.
კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე საუბრობს.

ბატონო რევაზ, „კავკასუს ონლაინის“ საქმე და პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ისეთი გავლენიანი დიპლომატები, როგორიცაა მეთიუ ბრაიზა და კურტ ვოლკერი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ბიზნესზე. დაეტყო თუ არა ბიზნესს ის ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჯერ ჯარიმების, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებების სახით განხორციელდა?

ბიზნესის მთავარი მტერია განუსაზღვრელობა, იმის არ ცოდნა რა მოხდება ხვალ. მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია, თითქმის ერთი წელი, აპირებდა ავტორიზაციის შეჩერებას კომპანიისთვის, შემდეგ კანონის ახალი რედაქციის პირობებში, რომელიც მხოლოდ „კავკასუს ონლაინზეა“ მორგებული უკვე კომპანია სპეციალური მმართველის დანიშვნის რისკის წინაშეც დგას.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი და არც მეორე ჯერ არ განხორციელებულა, კომპანიამ მიიღო უდიდესი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი. შეგახსენებთ, რომ „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელია საქართველოში და რეგიონში, რომლის მყიდველებიც სხვადასხვა ქვეყანაში საცალო ბაზარზე ემსახურებიან ათეულობით მილიონ მომხმარებელს. ცხადია რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზეწოლა აშინებს ჩვენს ბიზნესს პარტნიორებს, რომლებიც თავის მხრივ ეძებენ მომსახურების შეძენის ალტერნატივებს, რათა უფრო დაცულად იგრძნონ თავი, რაც თავის მხრივ საგრძნობლად ამცირებს კომპანიის შემოსავლებს და ასუსტებს სამეწარმეო აქტივობას.

გარდა ამისა, ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია გრძელვადიანი შეთანხმებების გაფორმება, არადა ჩვენი ბიზნესის თავისებურება სწორედ გრძელვადიან ურთიერთობებზეა აგებული. შესაბამისად დღეს კომპანია ფიქრობს არა განვითარებაზე და სამომავლო გეგმების განხორციელებაზე, როგორიცაა საქართველოს ციფრულ მონაცემთა გაცვლის ცენტრად ქცევა, მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ არამედ იბრძვის გადარჩენისთვის, რაც აზარალებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მთლიანად.

არ შემიძლია არ შევეხო ყველაზე მთავარ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას კომპანია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კავკასუს ონლაინში მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით საუკეთესო პროფესიონალები, რომლებმაც პრაქტიკულად შექმნეს ეს კომპანია პირველი დღიდან და ამაყობენ იმით, რომ საუკეთესო მომსახურებას აწვდიან ქვეყანას. ამ ადამიანებს წელიწადზე მეტია ესმით, რომ კომპანიამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. ძნელი წარმოსადგენი არ არის როგორ სტრესში და გაურკვევლობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.

რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, პირდაპირ განაცხადა, რომ საელჩო იცნობს „კავკასუს ონლაინის საქმეს“ და მომავალშიც დიდი ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი ამ დონის მაღალჩინოსნებისთვის?

საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის და ერთადერთი გზაა საქართველოს წარმატებისთვის. შესაბამისად, ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ერევა „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში.

ამასთანავე, ბრიტანული ფონდები საქართველოში ახორციელებენ საგრანტო პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. მოგიყვანთ სახელწიფო მინისტრის სიტყვების ამონარიდს – „ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ არსებული ფონდი (GGF) საქართველოში ორიენტირებულია სახელმწიფოს მართვის სისტემების რეფორმირებასა და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია ინსტიტუციონალური ხარვეზების გამოსწორება და კორუფციასთან ბრძოლა. ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დიალოგს, საქმიანი გარემოს გასაუმჯობესებლად“. შესაბამისად, წარმოუდგენელია კავკასუს ონლაინის ქეისი არ მოქცეულიყო დიპლომატების ყურადრების ცენტრში.

„კავკასუს ონლაინს“ უკვე გაცხადებული აქვს, რომ დავას გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოში. როდის აპირებთ სარჩელის შეტანას და როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ?

სარჩელი თითქმის მომზადებულია და უახლოეს დღეებში ჩავაბარებთ. რაც შეეხება მოგების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და არაკონსტიტუციურად ცნობს კანონის იმ ნორმებს და ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ზღუდავს კავკასუს ონლაინის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. პირველი, რაც ზედაპირზევეა და აშკარაა, არის ის, რომ დაჩქარებული ვადები კანონის ხარისხზე პირდაპირ აისახა, ეს უდავოა. კანონი დაუსაბუთებელია და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კვლევა, შეფასება არ ახლავს თან. განმარტებითი ბარათი, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ სადაც პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების დოკუმენტები უბრალოდ არ არსებობს, ასეთი არ მომზადებულა, არც ჩატარებულა.
რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად შემოთავაზებული უხარისხო კანონი არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. კანონი კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს უდგენს ერთპიროვნულად ჩაერიოს კერძო სუბიექტის ბიზნეს საქმიანობაში და მეწარმეობის თავისუფლებაში. კანონში პირდაპირ წერია, რომ სპეციალურ მმართველს, რომელიც კომისიამ შეიძლება დაუნიშნოს ავტორიზებულ პირს, ფაქტობრივად ყველა უფლებამოსილების შეთავსება შეუძლია: დირექტორიდან დაწყებული აქციონერთა კრებით დამთავრებული.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ წინასწარი სასამართლო კონტროლი ამ პროცესში ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ჩემთვის რთული წარმოსადგენია საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი და არაკონსტიტუციურად არ სცნოს გვიან ღამით საკომიტეტო მოსმენებზე „განხილული“ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი.

ფაქტია, სახელმწიფომ ამ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით დააკანონა „სპეციალური მმართველის ინსტიტუტი“, ელოდებით თუ არა მას კომპანიაში და საერთოდ რას ნიშნავს სპეციალური მმართველი, არის თუ არა მსგავსი სახის მაკონტროლებელი სხვა ქვეყნებში?

შეგახსენებთ რომ კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ მოსთხოვა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისების ტრანზაქციის შებრუნება. „კავკასუს ონლაინი“ გადაწყვეტილებებს ვერ ასრულებს, რადგან შეუძლებელია კომპანიამ მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქცია შეაბრუნოს. თუმცა ცალსახაა, რომ ამას ვერც კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი შეძლებს. შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრეაციას. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გამოიწვევს უფრო დიდ საერთაშორისო ზეწოლას და მნიშვნელოვნად გააუარესებს საინვესტიციო გარემოს, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სპეციალური მმართველი მხოლოდ კანონის ფურცელზე დარჩება.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მოგახსენებთ, რომ ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას დავუკვეთეთ კვლევა, რომელმაც უნდა გვაჩვენოს ევროკავშირში სპეციალური მმართველის არსებობის და მისი დანიშვნის პრაქტიკა. ამიტომ არ გავუსწრებ მოვლენებს და უახლოეს დღეებში მოგაწვდით კვლევის შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები