ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.

„შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკო-ს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.

ამასთან, გუშინ ცესკო-მ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები