პრეზიდენტი: “ევრონიუს საქართველო” ხიდია ევროპა-საქართველოს შორის და ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ადგილი, სადაც ინვესტიციის განხორციელება მარტივი და შედეგიანია

საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია Euronews Georgia-ს ესტუმრა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ახალგახსნილი ტელეკომპანია დაათვალიერა.

​პრეზიდენტს ტელეკომპანიაში “ევრონიუსის” გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა უმასპინძლა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს იმისათვის, რომ ის “ევრონიუს საქართველოს” პროექტის საწყისებთან იდგა.

“ყოველთვის აღნიშნავთ, რომ თქვენ უბრალოდ იდეა მოგაფიქრდათ, დანარჩენი კი, ჩვენ განვახორციელეთ, თუმცა თქვენ ძალიან თავმდაბალი ხართ. ყოველთვის არსებობს დასაწყისი და ეს, რისი დასაწყისიც  უნდა იყოს, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ საწყისია.
მუდამ მემახსოვრება დღე, როდესაც ჩვენ შევხვდით და ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და შეხედულებები, რომლებიც თქვენ თქვენი ქვყენისთვის გაქვთ.
თქვენ ძალიან თბილად მიგვიღეთ, როგორც ინვესტორები და ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ, ახლა ხორციელდება. ჩემი აზრით, პოლიტიკაშიც იმის თქმა, რასაც აკეთებთ და იმის კეთება, რასაც ამბობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რაც შეიძლება, მივიღოთ ისეთი შესანიშნავი პოლიტიკური ფიგურისაგან, როგორიც თქვენ ხართ. ამისათვის მადლობას გიხდით“, – განაცხადა “ევრონიუსის” გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა “ევრონიუს საქართველოს” შემქმნელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასწაულია, როცა ასეთი პროექტის განხორციელება მოკლე დროში, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოსათვის ასეთ რთულ პერიოდში მოხდა.

“მადლობა, რომ გახსოვთ ის დღე, რომელიც მეც მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ძალიან იშვიათია, როცა უბრალოდ იდეა ხორცს ისხამს და რეალობა ხდება. და ფაქტი, რომ ეს ასეთ მოკლე დროში, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოსათვის ასეთ რთულ პერიოდში მოხდა, სასწაულია – სასწაული, რომელშიც გიორგი რამიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. მე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, როცა ევროპული სტანდარტების ტელევიზიის დამფუძნებელი, ადგილობრივი, მთავარი ინვესტორი ამბობს, რომ არ ერევა სატელევიზიო მუშაობის არცერთ ასპექტში, ნათელი და მისაბაძი მაგალითია ჩვენი ქვეყნის მედიისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს შთააგონებს ბევრ ადამიანს.
ჩემთვის ყველაზე შთამაგონებელი დღეს ამ სტუდიაში გაცნობილი ახალგაზრდა თაობაა, რომელიც საქართველოს ხვალინდელი მედიის წარმომადგენლები იქნებიან.
მომავალთან მიმართებით მეტი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ თქვენ ნამდვილად წვრთნით ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებიც სწავლობენ ევროპული სტანდარტებს, ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლას.
და ბოლოს, თქვენ ახსენეთ, რომ “ევრონიუს საქართველო” ხიდია ევროპასა და საქართველოს შორის. ეს ხიდი ჩვენს ქვეყანას ასევე საშუალებას აძლევს, უფრო ცნობილი გახდეს ევროპაში არა მხოლოდ ჩვენი კულტურითა და ტურისტული შესაძლებლობებით, არამედ  – ამ მაგალითითაც – რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ადგილი, სადაც ინვესტიციის განხორციელება არა მხოლოდ მარტივი, არამედ შედეგიანიცაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო გადაცემაში, რომელსაც “ევრონიუსის” გენერალური დირექტორი  – მაიკლ პიტერსი უძღვებოდა და რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში მედიის როლს შეეხებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები