“მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 5%-იანი მატება იქნება”
“მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5%-იანი მატება იქნება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„სავალუტო ფონდის მისიასთან შუალედური შეხვედრა გვქონდა. აქ მთავარი აღსანიშნავი არის ის, რომ საბოლოოდ შევჯერდით წლის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. ვხედავთ, რომ ზრდის დინამიკა ყველა სექტორში შეინიშნება და ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ფისკალური პოლიტიკის ის ტემპი, რაც ახლა გვაქვს, ანუ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არ შეჩერებულა, არ უნდა დავაგდოთ. პირიქით, 2021 წლისთვის გაგრძელებული ფისკალური სტიმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს გულისხმობს, რომ შემდეგ რამდენიმე წელს კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა, 2023 წლისკენ უნდა დავუბრუნდეთ დეფიციტის ძველ ნიშნულს, რაც არის 3 პროცენტზე ქვევით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.