რუსეთის მთავრობა “კოვიდ19”-ით მიყენებულ ზარალს მწეველებისგან ამოიღებს
მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რუსეთს. ქვეყნის ბიუჯეტში დიდი გარღვევაა, რომლის ამოვსება ფინანსთა სამინისტრომ მწეველების ხარჯზე გადაწყვიტა.
РБК-ს ინფორმაციით, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი მოამზადა, რომელიც მომდევნო წელს თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტებზე აქციზის საფასურის გაზრდას 20%-ით ითვალისწინებს.
აღინიშნება, რომ უწყების ინიციატივა საკანონმდებლო კომისიამ უკვე მოიწონა, სულ მალე კი დოკუმენტი მთავრობას წარედგინება.
რუსეთის საგადასახადო კოდექსის ამჟამინდელ რედაქციაში აღნიშნულია, რომ აქციზზე ფასის ზრდა ერთიანად მხოლოდ 4%-ით არის შესაძლებელი. თამბაქოს რეალიზატორი კომპანიები უკვე გააფრთხილეს, რომ აქციზზე ფასის ზრდა პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. მათი შეფასებით, სიგარეტების ფასი, სულ მცირე, 20 რუბლით გაიზრდება.
ასევე, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, მოსახლეობის შემოსავლის შემცირების ფონზე, სიგარეტების გაძვირება არალეგალურ პროდუქციაზე გადასვლას გამოიწვევს, ფედერალური ბიუჯეტის ზარალი ამ ფონზე 100-დან 270 მლრდ რუბლს მიაღწევს.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ აქცისზე ფასის არაგეგმური ზრდა “სოციალური ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს, საბიუჯეტო ხარჯის ზრდის ფონზე”, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული.