კახა კალაძე: ინფორმაცია, რომ მერია კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერია სხვადასხვა სახის კონცერტსა და კულტურულ ღონისძიებას უკეთებს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა ღონისძიებას თავისი ორგანიზატორი ჰყავს და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერია ორგანიზებას უწევს კონცერტებს, სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მინდა, აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებას ჰყავს თავისი ორგანიზატორი და, რა თქმა უნდა, ორგანიზატორი არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა, შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იმისთვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეს. შესაბამისად, ის ცრუ და ტყუილი ინფორმაცია, თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენელებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება კონცერტები, მომღერლები, ბენდები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები, ამას გავაგრძელებთ და ადამიანებს პრობლემის წინაშე პირისპირ არ დავტოვებთ, გვერდში დავუდგებით, ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარი იქნა მოძიებული, რომ ხელი შევუწყოთ ამ მძიმე ვითარებაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.